13 ნოემბერს, კინოთეატრმა „ამირანმა“ ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის ახალი კლიპის პრემიერას უმასპინძლა. კინოში მომღერლების მეგობრებმა, კოლეგებმა და ჟურნალისტებმა მოიყარეს თავი. კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, პროდიუსერი – თაკო დოლაბერიძე, ვიდეორგოლი „როიალ ბატონშია“ გადაღებული. სიმღერის მელოდია ლილიკო ნემსაძემ, ტექსტი კი ირინა სანიკიძემ შექმნეს. „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ რადიოეთერის საშუალებით უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს და აშკარაა, რომ „პროფილში“ მისი პრემიერის შემდეგ, ამ ხუთშაბათს, მისი ვიდეოვერსიაც არანაკლებ პოპულარული იქნება.
კლიპში დიდი ხნის მეგობრები, ნოდიკო და სალომე შეყვარებულებს თამაშობენ, რომლებიც გარემოებების გამო ერთმანეთს დაშორდნენ და ერთსა და იმავე ადგილას სხვა რჩეულებთან ერთად შემთხვევით მოხვდებიან. როგორც ნოდიკომ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მეგობართან სიყვარულის განსახიერება არცთუ რთული იყო, მაგრამ ყველა სცენის შემდეგ ეცინებოდათ, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა კურიოზების ვიდეოში, კლიპის შემდეგ რომ ვიხილეთ.
თავად ვიდეო კი საკმაოდ სევდიანია, თუმცა იმედიანი დასასრულით. მაყურებელმა მეგობრებს შეყვარებულების თამაში მოუწონა და დაუფასა.
ნოდიკო ტატიშვილი:
ნესტან სინჯიკაშვილმა არ დაიშურა ძალ-ღონე. ლილიკო ნემსაძისა და ირინა სანიკიძის სიმღერაზე „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ გადავიღეთ სიუჟეტური ვიდეო, სადაც ვითარდება საკმაოდ ჩახლართული ამბავი. მგონია, რომ ბევრი ადამიანი იპოვის საკუთარ თავს პერსონაჟებში. მარტივი მესიჯია ჩვენი მხრიდან, როცა საყვარელ ადამიანს იპოვი, უნდა ჩასჭიდო ხელი და აღარ უნდა დაკარგო… რომ დაკარგავ, მერე ან იპოვი ისეთს, ან – ვერა (იღიმის). მგონია, რომ ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს მოეწონება.
დაგიკარგავს ვინმე?
კი, მაგრამ ვერ ვიტყვი, ის ერთადერთი იყო თუ არა… ერთი მხრივ, დასაკარგი უნდა დაიკარგოს, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ ის ერთადერთი არ დაკარგოს… ხანდახან გვიან ხვდებიან ხოლმე.
სიმღერა რადიოეთერში ძალიან წარმატებულია…
ჩვენც ძალიან გვიყვარს და მართლა უამრავი წერილი მივიღე სოციალურ ქსელებში მსმენელებისგან. ვიმედოვნებ, რომ ეს კლიპი უფრო მეტად შეაყვარებს ხალხს ამ სიმღერას. მიმაჩნია, რომ წარმატებული ვიდეორგოლი იქნება, მაგრამ საბოლოოდ, საზოგადოების გადასაწყვეტია.
არ გაგიჭირდა სალომესთან შეყვარებულის თამაში?
მგონია, რომ ყველაზე უნიჭო მსახიობი ვარ, ვინც კი დაბადებულა (იცინის).
რას ამბობ?.. ვინც კლიპი ნახა, საწინააღმდეგოს ამბობს…
(იღიმის) ორი როლი მაქვს შესრულებული, მიუზიკლში უფრო კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე სრულმეტრაჟიან ფილმში.
ვინც სალომეს იცნობს, იცით, როგორი ადამიანია. არასდროს შეგიქმნის დისკომფორტს. მარტივად შევასრულეთ, მაგრამ ბევრი ვიცინეთ, რადგან ჩვენთვის არაორგანული ამბავი იყო.
სალომე ბაკურაძე:
სიმღერის პოპულარობამ და ხალხის მხრიდან უცებ შეყვარებამ განაპირობა, რომ კლიპის გადაღება გადავწყვიტეთ. შესაბამისად, ველოდებით, რომ ვიდეოც ძალიან მოეწონებათ. აღარ გვიფიქრია ბევრი, რომ რაიმე უცნაური კლიპი გადაგვეღო. გვინდოდა სიმღერასავით თბილი, ტკბილი და რომანტიკული ვიდეორგოლი გვქონოდა. მე ვიტყოდი, რომ კინონოველას ჰგავს.
ძალიან ვღელავდი, რადგან საკუთარ სიმღერაზე პირველი ვიდეოა. ხალხის მხარდაჭერის, მოწვეული სტუმრების დიდი იმედი მაქვს. მჯერა, რომ ისინი კეთილგანწყობილები არიან, მაგრამ მივიღებთ ნებისმიერ კრიტიკულ შენიშვნას, თუკი ასეთი გაუჩნდება ვინმეს.
გადაღებების პროცესი როგორი იყო?
დამღლელი, მაგრამ საინტერესო. ჩვენი მხრიდან სამსახიობო ნიჭს მოითხოვდა, მეგონა, ფილმში მიღებდნენ. მგონია, რომ კარგად გავართვით თავი, რეჟისორი კმაყოფილი იყო, აღმოჩნდა, რომ ნიჭი გვქონია. დანარჩენს მაყურებელი ნახავს (იღიმის).
ხატია შამუგია:
ეს სიმღერა პირველად აჟღერდა კონცერტზე, რომელიც მე მიმყავდა. აღვფრთოვანდი სიმღერით, ლილიკოც ესწრებოდა ამ ღონისძიებას. ვერ წარმოვიდგინე, როგორი კლიპი შეიძლებოდა გადაეღოთ. გაოცებული ვარ, როგორ პროფესიონალურად შეასრულეს ნოდიკომ და სალომემ შეყვარებულები. რომ არ მცოდნოდა, როგორი მეგობრები არინ ბავშვობიდან, აუცილებლად შეყვარებულები მეგონებოდა…
სხვათა შორის, მინდა ვთქვა, არ მეგონა, რომ კლიპი ასეთი ლამაზი გამოვიდოდა, ისეთ პერიოდში დაიწყეს გადაღება… რეჟისორი ძალიან კარგი გოგოა, დიდ პატივს ვცემ. ისეთი კლიპი გადაიღო, რომ ცოტა ცრემლებიც წამომივიდა. ყველას გვქონია ცხოვრებაში ისტორია, როცა წარსულ დიდ სიყვარულს ხვდები და მერე ამას ზედმეტი კითხვები მოჰყვება, ყველას გაგვახსენდა თითო-თითო ამბავი… (იღიმის). მოკლედ, ვულოცავ ნოდიკოსა და სალომეს.
დათუნა მგელაძე:
მართლა ძალიან მაგარია, ყოველგვარი მოლოდინს გადააჭარბა. მსახიობების კასტინგი ვინც გააკეთა, მას ცალკე მადლობა ეკუთვნის. ნოდიკო და სალომე ჩემი საყვარელი მეგობრები არიან და ძალიან მაგარი მომღერლები. ვუსურვებ დიდ წარმატებებს.
დღეს მთელი დღე გადაღლილი ვიყავი და ბოლოს გასულმა კურიოზულმა კადრებმა ხასიათზე მომიყვანა (იცინის).
გოგოლა კალანდაძე:
ჩემი მეგობრები იმდენად ნიჭიერები არიან, რომ მსახიობებიც ძალიან მაგრები არიან, მომღერლობაზე აღარ ვამბობ. ნოდიკო ძალიან საყვარელი, დადებითი ადამიანია და ნამდვილი პროფესიონალი, სალომე არაჩვეულებრივი მომღერალია, ორივეს მინდა, წარმატებები ვუსურვო. მინდა, ხშირად გვაჩუქონ ბედნიერი წუთები. არავის უფიქრია ამ ე.წ. გაფუჭებული კადრების ჩვენება ბოლოში და ესეც ძალიან მომეწონა (იღიმის).
კლიპი ძალიან კარგია. ყოჩაღ ნესტანს ასეთი ლამაზი კლიპისთვის.
ნოსტალგია ხომ არ შემოგაწვათ, კლიპის პრემიერას რომ დაესწარით? ადრე ხშირად მონაწილეობდით ხოლმე კლიპებში…
ხდება რაღაცები, მაგრამ როგორც ჩანს, მე მოვწყდი ასეთ ამბებს. მინდა, გამოვჩნდე და კლიპებშიც თუ გადამიღებენ, უარს ნამდვილად არ ვიტყვი (იღიმის). ბასა ფოცხიშვილი მწყალობდა და მიყენებდა, როგორც არტისტს… იმედია, კიდევ იქნება შემოთავაზებები.ფოტოგალერეა
ფოტო: დათუნა აგასი
ნინო მურღულია