„მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ თბილისში წარმატებით მიმდინარეობს. ის 2 ნოემბერს ავთანდილის ჩვენებით გაიხსნა და 6 ნოემბერს ბესარიონის კოლექციის წარდგენით დასრულდება. სულ 40-მდე ქართველმა დიზაინერმა გამოფინა საკუთარი სამოსი ქართველი და უცხოელი კრიტიკოსებისა და მაყურებლის შესაფასებლად.
Fortuna.ge სამი ქართული ბრენდის მცირე მიმოხილვებს გთავაზობთ.
დავიწყოთ ქეთი ელოშვილის მიერ წარდგენილი კოლექციით. მანამდე ქართველმა დიზაინერმა იგივე ნამუშევრები ლოს ანჯელესის მოდის კვირეულზეც გამოიტანა, ახლა კი საქართველოშიც წარადგინა. შავი, თეთრი, ნაცრისფერი, კრემისფერი, ბეჟი – „ელოში“, ძირითადად, ამ ფერებზე აკეთებს აქცენტს. კოლექცია გამჭირვალე, ჰაეროვანი და ქალურია, ზოგიერთი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ, ნაწილი კი გამოსასვლელია. დიზაინერმა ზოგიერთ კოსტიუმზე ქართული ანბანიც დაიტანა…
ლელა ელოშვილი, ბრენდი „ელოში“:
რადგან კოლექცია ლოს ანჯელესის მოდის კვირეულზე მიდიოდა, მასში ქართული თემატიკა შევიტანე. გამოყენებული მაქვს ქართული ანბანი და ყურძნის მტევანი, ღვინო ქართველი ერისთვის მნიშვნელოვანი სიმბოლოა (იღიმის).
უფრო მეტად აბრეშუმი გამოვიყენე, რადგან მინდოდა ქალური და რომანტიკული კოლექციის შემდეგ. ის ეძღვნება იმ პერიოდის ქალს, რომელმაც გაიხადა ქართული ტრადიციული ტანისამოსი და ჩაიცვა ევროპული ტანსაცმელი, იყო თამამი…
ვფიქრობ, სოფო ჭყონია ქართველი დიზაინერებისთვის ძალიან კარგ საქმეს აკეთებს და მერსედეს ბენცის მოდის კვირეული კარგი წამოწყებაა არა მხოლოდ მოდის სფეროს განსავითარებლად, არამედ ტურისტების მოსაზიდადაც, ზოგადად, საქართველოზე კარგი შთაბეჭდილების შესაქმნელად, – არა მხოლოდ ღვინო და კარგი კერძებია ჩვენი პროდუქტი. შეგვიძლია, გემოვნებიანი სამოსი შევქმნათ, მივიჩნევ, რომ მასობრივად ნიჭიერი დიზაინერები გვყავს. ვრცლად + ფოტოგალერეა