ჩოხოსანი გიორგი გილიგაშვილი, რომელიც შესაძლოა, სერიალ „ტიფლისში“ შესრულებული ერთ-ერთი როლიდან გახსოვდეთ, შეიძლება ითქვას, 21-ე საუკუნის შვილი არ არის. მას წარსული და ტრადიციები ისე ხიბლავს, რომ ხშირად ნახავთ ჩოხაში გამოწყობილს, მისი ქართული თავისებურებანი „პრაიმშოუს“ გუშინდელ გადაცემაში უკვე მოისმინეთ, „თბილისელებთან“ ინტერვიუში გარკვეული პერიოდის წინ კი იმას იხსენებდა, როგორ შეამჩნიეს ცხენით ჯირითობისას და „ტიფლისში“ გადასაღებად მიიწვიეს.
გიორგი აღნიშნავდა:
„ძალიან მიყვარს ცხენი და მისით ჯირითი. ხშირად თუ არა, იშვიათად მაინც ჩამომყავს ხოლმე იპოდრომიდან, ხანაც მეგობრები მათხოვებენ და ქალაქში დავსეირნობ. სინდისს ვფიცავ, არა იმიტომ, რომ ვინმეს თავი მოვაწონო, უბრალოდ, ჟინს ვიკლავ ჩემი ქართველობით და ჩემი მეობით. ერთ დღესაც, ჩვეულებრივ, ცხენი შევკაზმე და ჩამოვაჭენე ქალაქში. ჩემს ძველ უბანში გავიარე, ძმები მოვინახულე, ერთობ მშვენიერ ნაცნობებს მზერა მოვტაცე. ჩოხით ვიყავი შემოსილი. ერთმა კაცმა მითხრა: შენ „ტიფლისში“ უნდა გადაგიღონო. სიმართლე გითხრათ, სიტყვა „გადაღება“ იმ წუთას ვერ გავიგე, მხოლოდ ეს გავიგონე: „შენ ნამდვილად „ტიფლისიდან“ ხარ“.
გიორგი გილიგაშვილი სიმღერითაც არის გატაცებული. „იუთუბზე“ შეგიძლიათ მოისმინოთ მის მიერ შესრულებული სიმღერა, სადაც თავისი საყვარელი ფრაზა „ჩემმა მზემ“ ასევე გამოყენებული აქვს. ვრცლად