ქართველი დიზაინერების პოპულარობა დიდი ხანია გასცდა ვიწრო პროფესიონალურ წრეს და მალე ალბათ, მთელ მსოფლიოს დაპყრობს, რადგან ერთის მხრივ, სწორედ საქართველოდანაა დღეისთვის ყველაზე პროდუქტიული, ძმების დემნა და გურამ გვასალიას დუეტი, რომელმაც Balenciaga-ს მთავარი მამოძრავებელი ძალა Vetements შექმნა და მნიშვნელოვნად გაზარდა ფრანგული მოდის სახლის შემოსავალი, მეორეს მხრივ კი, შეუძლებელი აღმოჩნდა თბილისში გამართული მოდის კვირეულის Mercedes Benz Fashion Week Tbilisi დავიწყება, რომელიც ყოველ წელს სულ უფრო მასშტაბური ხდება, შვიდ დღეს გრძლედება და მოდის მოყვარულებს უნიჭიერესი ქართველი დიზინერების საინტერესო შოუებით ანებივრებს.
მოდის კვირეულის დამაარსებლისა და უცვლელი ხელმძღვანელის სოფო ჭყონიას წყალობით, უცხოელი ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და მრავალრიცხოვანი ბაიერები კარგად იცნობენ ქართულ მოდას, თვითონაც ხშირად სტუმრობენ ქვეყანას და ქართველ დიზაინერებს მუდმივად ეპატიჟებიან სამშობლოში. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ წელს, ფლორენციაში გამართულ Pitti Uomo-ს მამაკაცის ტანსაცმლის გამოფენას, Guest Nation-ის პროექტის ფარგლებში ერთდროულად ექვსი ქართველი დიზაინერი სტუმრობდა.
Guest Nation-ის პროექტში მონაწილეობა არა მხოლოდ Pitti Uomo-ს ორგანიზატორთა დაფასება და მაღალი შეფასება, არამედ უნიკალური შესაძლებლობაა დიზაინერისთვის აიმაღლოს პროფესიონალიზმი და დაიმკვიდროს ადგილი მოდის ინდუსტრიაში, რაც შესანიშნავად შეძლო ქართულმა ექვსეულმა, რომელსაც დიდი ინტერესით შეხვდა საერთაშორისო პუბლიკა.
Situationist
ირაკლი რუსაძისა და დავით გიორგაძის ბრენდზე, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, ხშირად წერენ Dazed, Vogue და სხვა მოდური გამოცემები, ცნობილი მოდელი ბელა ჰადიდი კი, მის ყველაზე დიდ თაყვანისმცემლად ითვლება. მართალია, თავიდან თვითნასწავლი დიზაინერი ირაკლი რუსაძე მოდელებს ქმნიდა, მხატვარი და ფოტოგრაფი დავით გიორგაძე კი, მის პრეზენტაციაზე ზრუნავდა, მაგრამ ახლა, ირაკლი დამოუკიდებლად უძღვება ბრენდს, რომელიც ქალის ტანსაცმლის შექმნაზე მუშაობს და ერთდროულად მეტად მარტივი და საკმაოდ რთული სილუეტის მოდელებს ქმნის. შთაგონებას ირაკლი საქართველოს ისტორიაში ეძებს, მისი მთავარი პერსონაჟი კი, პოსტსაბჭოთა ეპოქის ქალია, რომელიც თამამად ერევა ყველა სირთულეს.
აზნაური
Aznauri – ირაკლი რუსაძის მეორე და შედარებით ახალი ბრენდია, რომელიც 2016 წელს შეიქმნა და მამაკაცის ტანსაცმელის კოლექციებში იდეალურად გააერთიანა ტრადიციები და genderless-ის სუპერთანამედროვე კონცეფცია. მართალია, მოდელებში 1990-იანი წლების სტილიც იგრძნობა, მაგრამ ირაკლი მას თავისებურად – ბევრად ლაკონურად და ელეგანტურად ხედავს. ტანსაცმლთან ერთად, Aznauri-ის ბრენდით ირაკლი მამაკაცის ფეხსაცმელსაც უშვებს, ზაფხულის სეზონზე მოდის მოყვარულებს ტყავის სანდლების, შემოდგომაზე კი, მასიური ბათინკების შეძენას სთავაზობს.
ვასკა
ბრენდის დამაარსებელი ვასილ ტაბატაძე განათლებით არქიტექორია, ამიტომ ყველა მისი მოდელი იდეალურადაა შეკერილი და არაჩვეულებრივი დრაპირებით გამოირჩევა. ვასილის იაპონური ვინტაჟის აბრეშუმის ან ძველი ხავერდის ტიპის, იშვიათი ნატურალური ქსოვილი მოსწონს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დეტალებს, კაცისა და ქალის ტანსაცმლის დამოუკიდებელ კოლექციებს ქმნის და ყოველთვის საერთო კოლექციით აერთიანებს.
გოლა დამიანი
ბრენდი Gola Damian საკუთარი შემქმნელის სახელს ატარებს და “ახალი დენდიზმის” სტილს ქადაგებს, მოხდენილად აერთიანებს სპორტს, ვიქტორიანულ სტილს და ორიგინალურ პრინტს. გოლას მოდელები ყოველთვის თავისუფალია გენდერული იარლიყებისგან, ეპატაჟის სიყვარულით კი, არც დემნა გვასალიას ჩამორჩება.