28 თებერვალს თბილისის კონსერვატორიაში თბილისის რიგით 22-ე ჯაზფესტივალი გაიხსნება, რომელსაც ტრადიციულად, „ისთერნ ფრომოუშენსი“ „თიბისი ბანკთან“ ერთად წარმოგიდგენთ.
28 თებერვალს, 20:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჯაზფესტივალი ახალი პროექტით – Tbilisi Big-Band & New Jazz Generation გაიხსნება. ეს იქნება კონცერტი, სადაც ძველი და ახალი თაობის მუსიკოსები მსმენელს ჯაზურ-კომპოზიციებს შესთავაზებენ.
1-ელ მარტს კი, „ივენთ ჰოლის“ სცენას, ლეგენდარული, 20 გრემის ჯილდოს მფლობელი პეტ მეთინის ტრიო დაიკავებს, რომლის შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზგიტარისტთან ერთად, მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიჩი და ჯონათან ბარბერი არიან.
ფესტივალი 2 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება. უნიკალური პროექტის ფარგლებში, ლეგენდარული პეთ მეთინი მსმენელის წინაშე პროექტით – Missouri Skies and More წარდგება.
თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალის გენერალური სპონსორია „სოკარი“.
ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.