“ირაკლი, ფაქტობრივად, ინვალიდია…“
23 წლის მსახიობს, ირაკლი, ბასტი რამიშვილს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის მუხლით, მას 20 ოქტომბერს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 7000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, პატიმრობა შეეფარდა და ბორკილები სასამართლოს დარბაზშივე დაადეს.
ირაკლი რამიშვილი გადაღებულია ოთარ იოსელიანისა და ლევან კოღუაშვილის ფილმებში. საზოგადოება მას “ქუჩის დღეებიდან“ უფრო მეტად იცნობს, სადაც გუგა კოტეტიშვილთან ერთად ითამაშა.
როგორც თავად განაცხადა სასამართლოზე, მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატი, ოჯახის ახლობლები და მსახიობები ამბობენ, რომ ირაკლი რამიშვილი ნარკოტიკს არ მოიხმარს და მას ორგანიზმში ბიო არ აღმოაჩნდა. როგორც ბასტი ამბობს, ბიო დაკავების წინ აჩვენეს და უთხრეს, რომ მისთვის ამ ნარკოტიკის ჩადებას აპირებდნენ.
ერთი კვირის წინ, სასამართლო პროცესზე, მოსამართლე გიორგი არევაძემ მას 7000-ლარიანი გირაო შეუფარდა, თუმცა გუშინდელ პროცესზე სხვა მოსამართლემ, სპარტაკ პავლიაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ მსახიობი უმუშევარია.
საგულისხმოა, რომ პატიმრობის გადაწყვეტილებას ირაკლი რამიშვილი ვეღარ გაასაჩივრებს.
ახლახან სოციალურ ქსელში შეიქმნა გვერდი “თავისუფლება ირაკლი ბასტი რამიშვილს“.
ვესაუბრეთ მსახიობებს ნუკა მარგველაშვილსა და ზუზუ ბეჟაშვილს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას, ირაკლი რამიშვილის სხვა ახლობლებთან ერთად, არ ეთანხმებიან.
ნუკა მარგველაშვილი, მსახიობი:
ირაკლი ჩემი დეიდაშვილია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ იმის მიზეზი, რომ მის დასაცავად ვსაუბრობ. ყველა, ვინც ირაკლის იცნობს, დამეთანხმება, რომ ნაკლებად გამოდიოდა სახლიდან, რადგან პირობითი სასჯელი ჰქონდა იარაღის უკანონო ტარებისთვის. ეს ამბავი დაახლოებით ორი წლის წინ მოხდა, იარაღი თავისი იყო, მაგრამ გაფორმებული არ ჰქონდა. ირაკლი ყოფილი მორაგბეა და ყველამ იცის, რომ ნარკოტიკებთან არანაირი შეხება არ აქვს. თანაც, ფაქტობრივად, ინვალიდია, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს, ნაღვლის ბუშტის მძიმე ოპერაცია გადაიტანა. მოქმედი მსახიობია, გადაღებულია ოთარ იოსელიანისა და ლევან კოღუაშვილის ფილმებში. ახლა ლევანისგან ისევ აქვს შემოთავაზება, კახი კავსაძესთან ერთად იღებს, ოღონდ არა საქართველოში. გადაღებები დეკემბერში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ სავარაუდოდ, გადაიდება.
ირაკლის ახლობლების სახელით მინდა ვთქვა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ გვინდა, ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული დაედოს. უბრალოდ, ყველა სფეროში საქმიანობენ პროფესიონალები და ის ადამიანები, ვინც არ იცის თავისი საქმე და ჩვენ სწორედ ასეთი ადამიანები შეგვხვდნენ. გვინდა, ბასტის დასაცავად გამოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც მას ძალიან კარგად იცნობენ.
ჩვენთვის გაუგებარია მოსამართლის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი უმუშევარია და ამიტომ შეუფარდეს აღმკვეთი ღონისძიება. ამ ლოგიკით, ნახევარი საქართველო ციხეში უნდა იჯდეს. არ ვიცი, გაუხსნელი დანაშაულების გამო აკეთებენ ამას, თუ რა ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან დიდი სიხშირით მესმის ნარკოტიკების ჩადების ამბები. თავად ბასტიმაც თქვა, რომ აჩვენეს ბიო, რომლის ჩადებასაც უპირებდნენ და უთხრეს, ეს არის შენი წამალი, რომელსაც ჩაგიდებთ, დიდხანს შენ ქუჩაში ისედაც არავინ გაგაჩერებსო. ერთი კვირის წინ გირაო შეუფარდეს, ერთი კვირის შემდეგ კი გირაო დაპატიმრებით შეუცვალეს…
მე მაინც მჯერა, რომ კიდევ ვერ წარმოუდგენიათ, რა ხდება ამ სისტემაში და გავიმეორებ, რომ ჩვენ შეგხვდნენ ადამიანები, რომლებმაც, სამწუხაროდ, არ იციან თავიანთი საქმე.
ზუზუ ბეჟაშვილი, მსახიობი:
დღეს ვნახე ეს სიუჟეტი. სამწუხაროდ, სასამართლო პროცესზე დავაგვიანე, რადგან გასვენებაში ვიყავი და ვერ მოვახერხე მისვლა. სიუჟეტის ნახვის შემდეგ აღშფოთებული ვარ, რადგან პირველ რიგში, გამოპრანჭული პროკურორი გოგონას ახსნა-განმარტებიდან შინაარსი ვერ გამოვიტანე და მეორე, ვერ მივხვდი პატიმრობის შეფარდების მიზეზს, თურმე მსახიობს რაღაც ფილმში რომ იღებენ, ის უმუშევარია. ასე ამ წუთში მეც უმუშევარი ვარ.
ვფიქრობ, ცოტა აზრზე უნდა მოვიდნენ, რადგან ნარკოტიკების ჩადებაზე უკვე მერამდენედ გვესმის. ყველას ყველაფერი ბუმერანგივით დაუბრუნდება. რას უდებ, რას აპატიმრებ? მინდა ვიკითხო, ხო მშვიდობით არიან?! ამ სიუჟეტმა ძალიან იმოქმედა და აღელვებული ვარ…
აქციები, მიტინგები ჩემი საქმე არ არის და მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი, წამების კადრების გასაპროტესტებლად, რადგან მაშინ თავი ვერ შევიკავე. არც ახლა იქნება ალბათ აქცია, მაგრამ მოსაფიქრებელია, რა ფორმით გავაპროტესტებთ ამ გადაწყვეტილებას. მე მჯერა ამ ბიჭის, რომელიც ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.
ხალხს ცხოველებივით ნუ მოექცევიან, მგონია, რომ “ტუპოი“ განაჩენები გამოაქვთ…