20 „გრემის“ მფლობელი პეტ მეთინი ვატო კახიძის შესახებ: „უმაღლესი დონის ხელოვანია…“

0
1391

თბილისის რიგით 22-ე ჯაზფესტივალი დღეს თბილისის კონსერვატორიაში თბილისის ბიგ ბენდის ახალი პროექტით გაიხსნება. ხვალ და ზეგ კი საქართველოს დედაქალაქში ისტორიული კონცერტები შედგება. „ისთერნ ფრომოუშენსის“ საოცნებო პროექტი განხორციელდა. თბილისს ეწვია 20 „გრემის“ მფლობელი, ყველაზე ძვირადღირებული ჯაზმუსიკოსი, პეტ მეთინი, გიტარის ჯადოქრად წოდებული, რომელმაც თან 8 გიტარა ჩამოიტანა, მათ შორის ცნობილი „პიკასო“, სპეციალურად მისთვის მიერ კანადელი ოსტატის მიერ შექმნილი.

პეტ მეთინის თან ტექნიკური ჯგუფიც ჩამოჰყვა, მათ შორისაა ორი ხმის რეჟისორი, რომელთაგან ერთ-ერთი „რადიოჰედთან“ მუშაობს.

პეტ მეთინი საკუთარი ტრიოს წევრებთან ერთად 26 თებერვალს აშშ-დან ჩამოფრინდა. საქართველოში ის ორ კონცერტს გამართავს, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პროგრამით. საკლუბო, ინტიმურ სივრცეში ის ტრიოსთან ერთად წარდგება მსმენელის წინაშე და ჯაზურ იმპროვიზაციებს შემოგვთავაზებს, ხოლო სიმფონიური ორკესტრისთვის შექმნილი პროგრამით, – ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამოვა, სადაც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად (დირიჟორი ვახტანგ კახიძე) ახალი პროექტის პრემიერას წარადგენს.

როგორც „ისთერნ ფრომოუშენში“ აღნიშნავენ, ისინი ისტორიულ კონცერტს ელოდებიან, მით უმეტეს, როდესაც შეიტყვეს, რომ პეტ მეთინიმ ახალი პროექტის წარდგენა პოლონეთთან ერთად, საქართველოშიც გადაწყვიტა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაწერს ალბომად და გამართავს ტურნეს ამავე პროექტის სახელწოდებით  Missouri Skies and More ფარგლებში.

თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად 7-საათიანი რეპეტიციის შემდეგ, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა, პეტ მეთინის ბასისტმა დერეკ ოლეჟკიევიჩმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო რეპეტიციიდან და დაწერა: „პირველი რეპეტიცია. პეტის მუსიკა ორკესტრთან ერთად ისე შესანიშნავად ჟღერს… თავი სამოთხეში მგონია“.

(ვრცლად/ვიდეო)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here