„მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“ – საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ მიქელანჯელო ბუონაროტის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენას.
2 თებერვლიდან 3 აპრილის ჩათვლით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს რენესანსის ეპოქის იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564) 6 გრაფიკულ ნამუშევარს ფლორენციის „კაზა ბუონაროტის“ მუზეუმიდან რომლის კოლექცია, მიქელანჯელოს სხვა შედევრებთან ერთად, ინახავს 200-ზე მეტ ჩანახატსა და ხელნაწერს, ბუონაროტის საგვარეულოს სხვადასხვა თაობის მიერ შეგროვებული სურათების, ქანდაკებებისა და არქეოლოგიური ნიმუშების მდიდარ კოლექციას.
სიცოცხლეშივე ყველა დროის უდიდეს ხელოვანად აღიარებულმა მიქელანჯელომ, გამორჩეული ხელწერისა და ვირტუოზული ტექნიკის წყალობით, სრულიად ახალი სიტყვა თქვა ქანდაკებასა და მხატვრობაში და საკუთარი შემოქმედებით სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი გენიოსთა შორის.
ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იქნება მიქელანჯელოს მიერ 1508-1510 წლებში სიქსტეს კაპელის მოხატულობაზე მუშაობის პერიოდში (1508-1512) შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები.
დამთვალიერებელი იხილავს ადამიანის სახისა და სხეულის გრაფიკულ დეტალებს, მათ შორის ხელის გამოსახულებას ფრესკისთვის „ადამის შექმნა” და ფიგურებს ფრესკისთვის ,,სამოთხიდან განდევნა.“ ექსპოზიციაში ჩართული იქნება მულტიმედია. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ დოკუმენტური ფილმი „მოგზაურობა მიქელანჯელოს აღმოსაჩენად.”
გამოფენა, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში, სხვადასხვა ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. საქართველოს მხრიდან: კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის პროექტი ,,Check in Georgia” და სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია”; იტალიის მხრიდან კი: იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, იტალიის კულტურის სამინისტრო, პროგრამა „VivereALL’italiana”. გამოფენა ხორციელდება მუზეუმთან „კაზა ბუონაროტი” და კულტურულ ასოციაცია „მეტამორფოზისთან” თანამშრომლობით.