2026 წლის 19-26 სექტემბერს, ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი მეოცედ გაიმართება. 8 დღის განმავლობაში ბათუმი კიდევ ერთხელ კინოს ქალაქად იქცევა და ქალაქის ოთხ სხვადასხვა სივრცეში 200-ზე მეტი ფილმის ჩვენებას უმასპინძლებს.
ფესტივალი 19 სექტემბერს ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმის „გურია“ ჩვენებით გაიხსნება. პრემიერას რეჟისორი და გადამღები ჯგუფის წევრები დასწრებიან. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი პოლონელი რეჟისორი, „ოსკარი“-ს სამგზის ნომინანტი და ევროპის
კინოაკადემიის ყოფილი პრეზიდენტი აგნეშკა ჰოლანდი, რომელსაც კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდო გადაეცემა.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“,
სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმების ჩვენება. წელს პირველად გაიმართება ჩვენებები ნორჩი მაყურებლისთვისაც. მათთვის ნაჩვენები იქნება აღდგენილი ქართული ანიმაციები, რაც ახალ თაობას ქართული ანიმაციის კლასიკასთან შეხვედრის
შესაძლებლობას მისცემს. ასევე წელს პირველად კინოჩვენებები გაიმართება ზღვის სანაპიროზე.

ფესტივალის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების ჟიურის ბრიტანელი მინო და ტელე პროდიუსერი კრისტიან ბაუტე უხელმძღვანელებს, ხოლო საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის პოლონელი კინორეჟისორი და სცენარისტი რაფაელ კაპელინსკი.
წელს ფესტივალს დაემატება ორი ახალი ჟიური – ქართველ კრიტიკოსტთა ჟიური,
რომელიც რჩეულ ფილმს ოლღა (ლალა) თაბუკაშვილის სახელობის პრიზს გადასცემს და ახალგაზრდული ჟიური, რომელიც რჩეულ ფილმს გიორგი გოგიბერიძის სახელობის პრიზით დააჯილდოებს.
22 სექტემბრიდან მუშაობას დაიწყებს ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა“, რომელიც ქართველი კინემატოგრაფისტების რვა პროექტს უმასპინძლებს. საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მონაწილეები იმუშავებენ სცენარზე, პროექტების განვითარებასა და
საერთაშორისო დაფინანსების სტრატეგიაზე.
ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი საიუბილეო წელს ახალი ინიციატივით ხვდება. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, შეიქმნება ფესტივალის ხეივანი (BIAFF ALLEY), სადაც საპატიო სტუმრებს მიეცემათ საშუალება დარგონ ხეები.
ფესტივალის სამუშაო სივრცე Le Méridien Batumi იქნება. ამ სივრცეში ჩატარდება პრესკონფერენციები, მასტერკლასები, პროფესიული დისკუსიები და საერთაშორისო სტუმრების შეხვედრები ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან.
ფესტივალის დახურვის ცერემონია 26 სექტემბერს გაიმართება. კონკურსში გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების შემდეგ კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდოები ბრიტანელ პროდიუსერს მაიკ დაუნის და ქართველ რეჟისორს თემურ ბაბლუანს გადაეცემათ.
მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, ქ.ბათუმის მერია, ქართული ფილმი, საქართველოს ეროვნული არქივი,იტალიის საელჩო საქართველოში.
სპონსორი კომპანიები : ,,ელთი ჯგუფი’’, სასტუმრო ,,ლე მერიდიენ ბათუმი’’, სასტუმრო ,,ჰემპტონ ბათუმი’’,კინოთეატრი ,, კავეა გრანდ მოლი’’,კომნპანია ,,კონფერენს ჯგუფი’’, ნაბეღლავი, სოფიე ბაკურიძეს სტუდია.
საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’, ტელეკომპანია ,,იმედი’’,ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა ,,The Messenager’’, ,,Georgia Today’’-ინგლისურენოვანი მედია, რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა’’, ,,არეალ მედია’’, ,, Billboard Georgia’’,საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ ტაიმი’’, საინფორმაციო სააგენტო ,,აიპრეს ჯი’’, ,,პალიტრა ნიუსი’’, საინფორმაციო პორტალი ,,ამბები ჯი’’, Film New Europe (FNE) კინოინდუსტრიის საერთაშორისო მედიაპლატფორმა, Cineuropa – ევროპული კინოს საერთაშორისო მედიაპლატფორმა.




