31 მაისს BDC-ში კონცერტების სეზონს ჯგუფი REGGAEON გახსნის, რომელიც კულტურული ჰაბის სცენაზე პირველად წარდგება და საღამოს ცოცხალი რეგის ჟღერადობით, ძლიერი ემოციებითა და მსმენელისთვის საყვარელი ჰიტებით აავსებს.
BDC-ში შესრულდება ჯგუფის ყველაზე ცნობილი სიმღერები, რომლებმაც REGGAEON-ს წლების განმავლობაში ერთგული აუდიტორია და განსაკუთრებული ადგილი შეუქმნა ქართულ მუსიკალურ სივრცეში.
REGGAEON-ის სოლისტის, ლაშა ნოზაძის თქმით, ჯგუფი BDC-ის სცენაზე განსაკუთრებული მონდომებითა და ენერგიით წარდგება: „ეს არ იქნება შაბლონური კონცერტი“ — მაყურებელს ელოდება ცოცხალი შესრულება, ემოციური ატმოსფერო და საღამო, რომელიც მთლიანად მუსიკისა და აუდიტორიასთან განსაკუთრებულ კავშირზე იქნება აგებული.
ახალი მრავალფუნქციური კულტურული ჰაბი BDC გურამ ფანჯიკიძის 1 ნომერში მდებარეობს (ყოფილი ბუდაპეშტის ქუჩა) და ოთხსართულიან სივრცეში აერთიანებს თანამედროვე სცენას, პროფესიონალურ ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, ხმის ჩამწერ სტუდიას, ბარს, სარეპეტიციო და საგამოფენო სივრცეებს.
კონცერტის დასრულების შემდეგ საღამოს გააგრძელებს BDC Folk Modern Band სპეციალური live პროგრამით.
ღონისძიების განმავლობაში იმუშავებს BDC ბარი მრავალფეროვანი სასმელების მენიუთი და სპეციალურად შექმნილი ქართული კოქტეილებით.
სივრცეში გათვალისწინებულია როგორც დასაჯდომი, ასევე დასადგომი ადგილები. კარის გახსნა 20:00 საათზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.
BDC ეტაპობრივად იწყებს ცოცხალი კონცერტების მიმართულების განვითარებას და აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა მუსიკალურ და შემოქმედებით ჯგუფებთან. კულტურულ ჰაბში უკვე იგეგმება მრავალფეროვანი საკონცერტო და თანამედროვე მუსიკალური პროექტები.
BDC-ის მედია პარტნიორია ტელეკომპანია „რუსთავი 2“




