ხელის თხოვნა Marry You-ზე, „თბილისო“ და დინამო არენას სცენაზე დატრიალებული მაგია – ბრუნო მარსის კონცერტი ქართველ მსმენელს განსაკუთრებით დაამახსოვრდება

0
194

გუშინ, „დინამო არენაზე“ „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ვარსკვლავი, ბრუნო მარსი წარდგა და წარუშლელი კვალი დატოვა თავისი გასაოცარი შესრულებით. ალბათ სიმბოლური იყო ის ფაქტი, რომ არტისტმა კონცერტი თავისი ერთ-ერთი გამორჩეული ჰიტით, 24k Magic გახსნა, რადგან ორი საათის განმავლობაში სცენაზე მართლაც მაგია ტრიალებდა.

15 „გრემის“, 4 „Brit Awards-ის“, 4 „გინესის“ რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელმა მუსიკოსმა ფაქტობრივად ყველა თავისი ჰიტი შეასრულა. მსმენელი განსაკუთრებით ელოდა მის სიმღერას, Marry You. ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა, კონცერტზე მყოფმა მამაკაცმა თავის რჩეულს ხელი სთხოვა და უზარმაზარი, წითელი ვარდების თაიგული მიართვა. „და მან თქვა დიახ“, – კონცერტზე მყოფი მაყურებლები ამ ფაქტს დიდი ოვაციებით შეხვდნენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შოუზე არაერთი ჟანრი გაჟღერდა, იყო  სოული, ფანკი და როკ-ენ-როლიც კი, ინსტრუმენტალი, ვირტუოზი მუსიკოსების შესრულებით, ჩვენ მოვისმინეთ საქსოფონი და გიტარის შთამბეჭდავი სოლო. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს შოუს ქორეოგრაფიული ნაწილი. ბრუნომ, დანარჩენ მუსიკოსებთან ერთად თავისი დამახასიათებელი მანერით სრულყოფილი საცეკვაო ნომრები შემოგვთავაზა.

მოგვიანებით არტისტი თავად მიუჯდა ფორტეპიანოს და შეასრულა ის სიმღერები, რომლებიც ქართველი მსმენელისთვის ძალიან კარგად არის ნაცნობი, მათგან ერთ-ერთი გახლავთ კომპოზიცია, სახელწოდებით, leave the door open, რომელსაც მარსი „სილკ სონიკთან“ ერთად ასრულებს.

სიურპრიზები ამით არ დასრულებულა. უეცრად ერთ-ერთმა მუსიკოსმა ფორტეპიანოზე „თბილისო“ დაუკრა და მსმენელის განსაკუთრებული აღფრთოვანება და ოვაციები დაიმსახურა.

კონცერტის დასასრული ისეთივე შთამბეჭდავი და ემოციური იყო, როგორც მისი სტარტი. ბრუნო მარსი ქართველ მსმენელს დიდ ხანს ემშვიდობებოდა და მადლობას უხდიდა მასპინძლობისთვის. სცენის განათება ჩაქრა, ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ შოუ დასრულდა, თუმცა, უეცრად არტისტის ხმა კვლავ გაისმა და ყველა მიხვდა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო.

სცენა თავიდან განათდა, იყო გრანდიოზული ფეიერვერკი, ლაზერ-შოუ და ცეცხლოვანი, 3D სანახაობა. მომღერალმა კონცერტის ბოლოს, ჰიტი, Uptown Funk შეასრულა და ყველა ააცეკვა.

ერთი სიტყვის, ბრუნო მარსის კონცერტი, რომელიც აღსავსე იყო სიურპრიზებით, არაჩვეულებრივი პერფრომანსებით, საცეკვაო ნომრებითა და რაც მთავარია ქართველ მსმენელთან თბილი, უშუალო დამოკიდებულებით, ნამდვილად დიდხანს გვემახსოვრება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here