„ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვსურდა და ბოდიშს ვიხდით“ – The Killers-ი Black Sea Arena – ზე გამართული კონცერტის შემდეგ განცხადებას ავრცელებს

0
221

Black Sea Arena-ზე გამართული The Killers-ის კონცერტის დროს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფი განცხადებას ავრცელებს და მსმენელებს ბოდიშს უხდის.

“კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი მიზანი ვინმეს შეურაცხყოფა არ ყოფილა! აუდიტორიიდან ადამიანების დრამზე დასაკრავად მოწვევის მრავალწლიანი ტრადიცია გვაქვს და დარბაზში შეკრებილი მსმენელების თავდაპირველი რეაქციიდან ჩანდა, რომ თითქოს არ იყო უარყოფითად განწყობილი ჩვენს მიერ შერჩეული ადამიანისადმი.

გვესმის, რომ კომენტარი, რომელიც გულისხმობდა, რომ The Killers-ის ყველა მსმენელი და თაყვანისმცემელი “ძმები და დები” არიან, შესაძლოა, არასწორად ინტერპრეტირდეს. ჩვენ არ გვსურდა არავის შეურაცხყოფა და ბოდიშს ვიხდით. ჩვენ თქვენთან ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით”. – წერს ჯგუფი The Killers.

ცნობისთვის, Black Sea Arena-ზე მიმდინარე The Killers-ის კონცერტი რუსი დრამერის სცენაზე აყვანის გამო მსმენელის ნაწილმა დატოვა.

ერთ-ერთი სიმღერის შესრულების წინ, ჯგუფის სოლისტმა, ბრენდან ფლაუერსმა, ტრადიციულად, იკითხა იყვნენ თუ არა დარბაზში შეკრებილ მსმენელთა შორის ისეთები, ვინც დრამზე დაკვრა იცოდნენ.

შერჩეული დრამერი ფლაუერსმა სცენაზე აიყვანა და ეროვნების შესახებ ჰკითხა, შემდეგ კი აუდიტორიას ჰკითხა მისაღები იყო თუ არა მათთვის ის, რომ შერჩეული დრამერი რუსი აღმოჩნდა.

დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა. სიმღერის დასრულებას კი მსმენელთა ნაწილის მხრიდან სტვენა მოჰყვა.

ამის შემდეგ, The Killers-ის ფრონტმენმა აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ დარბაზში შეკრებილი მსმენელები ერთმანეთის დები და ძმები არიან.

ფლაუერსის მიმართვას აუდიტორიის მხრიდან კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, მსმენელთა დიდმა ნაწილმა კი დარბაზი დატოვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here