საქართველოს კულტურის სამინისტროს, სიიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ თბილისური ნაწილის პირველი კონცერტი 9 ოქტომბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა.მასში მონაწილეობა მიიღებეს ვენეციის სახელმწიფო დიდი თეატრის La Fenice მუსიკალურმა დირექტორმა და უკვე ფესტივალის „ღამის სერენადების“ მთავარმა დირიჟორმა ბეატრიჩე ვენეციმ; ვირტუროზმა ვერიკო ჭუმბურიძემ – ვიოლინო, საქართველო/თურქეთი; ფესტივალის საბაზო ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები“, პირველმა ვიოლინომ ლელა მჭედლიძემ.
კონცერტზე შესრულდა იოჰანეს ბრამსის – სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, თხზ.77 (არანჟ. ილან რეხტმანი); პეტრე ჩაიკოვსკის – სერენადა სიმებიანი საკრავებისთვის დო მაჟორი, თხზ. 48.
11 ოქტომბერს ფესტივალის დასკვნითი საღამო თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრში გაიმართება. პირველად საქართველოში პროექტი – „Astor“, ეს არ არის მხოლოდ მუსიკა, აქ თითოეული მოძრაობა არის ისტორია, რომელიც სხეულით იწერება, აღსავსე დრამატულობით, ვიზუალური სილამაზითა და სენსაციური ქორეოგრაფიით. მონაწილეობას მიიღებენ: Balletto Di Roma – საბალეტო დასი, იტალია; მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია. შესრულდება ასტორ პიაცოლას უკვდავი ნაწარმოებები. Balletto di Roma – დაარსდა 1960 წელს და მრავალი ათწლეულია აკავშირებს კლასიკურ ტრადიციებს თანამედროვე ქორეოგრაფიულ ენასთან. პროექტი „Astor“ 2021 წელს შეიქმნა, ასტორ პიაცოლას დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავად.

მაკა ნასრაშვილი – ქალაქ თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის, კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი:

– ქალაქ თბილისის მერიის კულტურის სამსახურის სახელით გილოცავთ ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების” თბილისური კონცერტების დაწყებას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე კლასიკური მუსიკის ფესტივალი საქართველოში,რომელიც უდიდესი ქართველი მევილინის ლიანა ისაკაძის მიერ არის დაფუძნებული ჯერ კიდევ 1982 წელს. ფესტივალი აერთიანებს როგორც თბილისის, ასევე ბორჯომისა და ბათუმის კლასიკური მუსიკის საღამოებს.
მნიშვნელოვანია, რომ წელს ფესტივალში აქტიურად არის ჩართული იტალიური მხარე და მინდა მადლობა გადავუხადო იტალიის საელჩოს და ბატონ ელჩს ასეთი თანადგომისთვის. დაუვიწყარი კონცერტი გვაჩუქეს ფესტივალის ორგანიზატორებმა 9 ოქტომბერს და არაჩვეულებრივი საღამო გველოდება 11 ოქტომბერს. მრავალ წელს ითვლის თბილისის მერიის მხარდაჭერა ფესტივალის მიმართ და ეს მომავალშიც გაგრძელდება, რადგან „ღამის სერენადებს“ საქართველოში ჩამოჰყავს მსოფლიოში აღიარებული ხელოვანები და არტისტები. მინდა წარმატებები ვუსურვო ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. თბილისის მერია კვლავ გააგრძელებს „ღამის სერენადების” მხარდაჭერას.
მასიმილიანო დ’ანტუონო – იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:
– ჩვენი ვარსკვლავი ბეატრიჩე ვენეცი უკვე მესამედ ესტუმრა საქართველოს, ის შეყვარებულია თქვენს ქვეყანაზე. მინდა გადავუხადო მადლობა ორგანიზატორებს ასეთი მაღალი დონის ფესტივალის ჩატარებისთვის. არ უნდა დავივიწყოთ ისეთი დიდი სახელი, როგორიც ლიანა ისაკაძეა, ვის სახელსაც ატარებს ფესტივალი. ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ასეთი კულტურული ურთიერთობები არის გამოხატულება მეგობრობის რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს.
გიორგი ისაკაძე – „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი:

– საოცრად საინტერესო პროგრამით გაიხსნა ფესტივალის თბილისური ნაწილი. მსმენელის წინაშე წარდგნენ ფანტასტიური შემსრულებლები – ფენომენალური, არაჩვეულებრივი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი, რომელსაც წელს მე ვთხოვე, რომ გამხდარიყო ფესტივალის მთავარი დირიჟორი. მან ეს წინადადება დიდი სიხარულით მიიღო და დამთანხმდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ, ამიერიდან მთავარი დირიჟორის ამპლუაში ჩვენს ორკესტრს ბეატრიჩე ვენეცი წარუძღვება. მასთან ერთად მსმენელის წინაშე წარსდგა ჩვენი სოლისტი ვირტუოზი, ექსპრესიული, თავისი ორიგინალურობით გამორჩეული მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე, რომელმაც საოცრად შეასრულა ბრამსის შედევრი – სავიოლინო კონცერტი. ეს კონცერტი შესრულდა კამერული ორკესტრისთვის, ძალზედ საინტერესო ვერსიით. მადლობა ჩვენს საბაზო ორკესტრს „საქართველოს ვირტუოზებს“ და პირველ ვიოლინოს ლელა მჭედლიძეს მაღალი პროფესიონალიზმისთვის. „ბრავოსა“ და „ბისის“ შეძახილებით, მქუხარე აპლოდისმენტებითა და ფეხზე დგომით უმადლოდა პუბლიკა ჩვენს მუსიკოსებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი წარმატებით გაიხსნა ფესტივალის თბილისური ნაწილი.
11 ოქტომბერს კი უკვე გველოდება ნამდვილი დღესასწაული, არაჩვეულებრივი საღამო – პირველად საქართველოში ბალეტო დი რომა და მარიო სტეფანო პიეტროდარკი შემოგვთავაზებენ პროექტს „ასტორი“, რომელიც ასტორ პიაცოლას უკვდავ მუსიკას აერთიანებს. ეს იქნება ქორეოგრაფიაში ნამდვილი დღესასწაული. ვეპატიჟებით ყველას, ფესტივალი მართლაც დაუვიწყარი კონცერტით დასრულდება. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებით საქართველოს“, თბილისის მერიას, მათ გარეშე „ღამის სერენადები“ ასეთი მასშტაბური არ იქნებოდა.

ნინა ცაგარელი – „ღამის სერენადების“ დირექტორი:

– უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც დარბაზში კმაყოფილ მსმენელს ხედავ. ურთულესი პროგრამა შესრულდა ფესტივალის თბილისური კონცერტების პირველ დღეს. მინდა მივულოცო თითოეულ მონაწილეს და შეგახსენოთ, რომ წლევანდელი „ღამის სერენადების“ ფარგლებში ეს გახლდათ რიგით მეხუთე კონცერტი, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა. ახლა უკვე 11 ოქტომბრის პრემიერის მოლოდინში ვართ. პირველად საქართველოში გვეწვევა რომის საბალეტო დასი და მსოფლიოში სახელგანთქმულ ბანდონეონისტ მარიო სტეფანო პიეტროდარკისთან ერთად დაუვიწყარი საღამო გველოდება.
ბეატრიჩე ვენეცი – ვენეციის სახელმწიფო დიდი თეატრის La fenice მუსიკალური დირექტორი – მაესტრა – ფესტივალის „ღამის სერენადების“ მთავარი დირიჟორი:
– მე მიყვარს საქართველო. აქ თავს როგორც სახლში, ისე ვგრძნობ. ბედნიერი ვარ ასეთ ხალხთან და მუსიკოსებთან ურთიერთობის შესაძლებლობით. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ისეთი ფესტივალის მთავარი დირიჟორი, რომელიც ლიანა ისაკაძის სახელს ატარებს . განსაკუთრებული მადლობა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ გიორგი ისაკაძეს ამ შემოთავაზებისთვის.
ვერიკო ჭუმბურიძე – მევიოლინე:
– ყოველთვის სულმოუთქმელად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას, რომ მონაწილეობა მივიღო ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალში. ბედნიერი ვარ, რომ ქალბატონი ლიანას, ჩემი უსაყვარლესი მევიოლინის სახელობის ფესტივალში ხშირად ვიღებ მონაწილეობას. განსაკუთრებულად ვემზადები სცენაზე გამოსასვლელად, რადგან ვთვლი, რომ ამ კონცერტებზე ქალბატონი ლიანა ჩვენთან ერთადაა და ყველა ნაწარმოები, რომელსაც ვუკრავ, მას და მის შემოქმედებას ეძღვნება. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, ბატონ გიორგი ისაკაძეს, ქალბატონ ნინა ცაგარელს, რომ მაძლევენ საშუალებას ამ ფესტივალის მონაწილე ვიყო.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სიიპ „შემოქმედებითი საქართველო“, აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში.
ფესტივალის პარტნიორი – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი”.
მასპინძელი სასტუმროები: სასტუმრო ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, ქორთიარდ თბილისი მარიოტი.
ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი „პიელ ნატურალსი“, ღვინის კომპანია „პავილიონ ვაინსი“, „პსპ“, ავეჯის სახლი „ნიტა“.
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოს ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, Billboard Georgia, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება”, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი „ambebi.ge”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია „აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.