„ფერების ისტორია“ – ინტერვიუ მხატვარ მანანა გეგიძესთან

მანანა გეგიძე

ბათუმის ხელოვნების გალერეაში 4 ნოემბერს ბათუმის ხელოვნების გალერეა უმასპინძლებს მხატვარ მანანა გეგიძის პერსონალურ გამოფენას „ფერების ისტორია“, სადაც წარმოდგენილი იქნება 50 ნამუშევარი – ფიგურატიული სერიები, მინიატიურული პეიზაჟები და ემოციური პორტრეტები.

მანანა გეგიძე – მხატვარი, რომლის ნამუშევრები სულ ახლახან იტალიაშიც იყო წარდგენილი, ხელოვნების სამყაროში გამოჩნდა განსაკუთრებული სენსიტიურობითა და ფერთა შთამბეჭდავი ენობით.

მის ტილოებში ფერები საუბრობენ – სწორედ ამიტომაც მისი ერთ-ერთი ნამუშევარი, „მოსაუბრე სახლები“, იტალიაში დაჯილდოებულ იქნა მიქელანჯელოს დიპლომით.

– რა არის გამოფენა „ფერების ისტორია“ შენთვის, როგორც ავტორისთვის?

– ეს გამოფენა ჩემთვის ემოციური მოგზაურობაა. თითოეული ტილო ჩემი განცდის შედეგია – სიხარულის, ფიქრისა და შინაგანი სამყაროს გამოსახვა ფერებით. ფერი ჩემთვის სუნთქვაა. ამ გამოფენაში მაყურებელი დაინახავს ქალების ფიგურებს, სხვადასხვა რაკურსში რომელიც ქალის ბუნებაზე მოგვითხრობს. სახლებთან და ბუნებასთან დიალოგს – თითქოს ყველაფერი ერთმანეთს ესაუბრება.

– გამოფენაში წარმოდგენილია 50 ნამუშევარი. როგორ შეირჩა ისინი?

– ნამუშევრები შერჩეულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი სერიებიდან. აქ არის ისეთი თემები, როგორიცაა მოსაუბრე სახლები, მეყვავილე ქალები, ქალი ფიქრი, ასევე მინიატიურული პეიზაჟები 20×30 სმ ფორმატით. თითოეულ მათგანს თავისი ხასიათი და ემოციური ფონია. მინდა მაყურებელმა იგრძნოს, რომ ფერი ცოცხალია.

– შენს ნამუშევრებს საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვეს. რას ნიშნავს შენთვის იტალიური გამოცდილება?

– იტალიაში წარმოდგენილი იყო ჩემი ნამუშევარი მოსაუბრე სახლები, რომელმაც მიიღო მიქელანჯელოს დიპლომი. ეს იყო საოცარი განცდა – გრძნობ, რომ შენი ფერები საზღვრებს არღვევს და უცხოელი მნახველისთვის საინტერესო ხდება. ეს გამოცდილება ჩემთვის იყო დიდი სტიმული, შემოქმედება უფრო სიღრმისეულად გამეგრძელებინა.

– როგორ გინდა, რომ მაყურებელმა აღიქვას შენი ნამუშევრები?

– მინდა, რომ თითოეულმა ადამიანმა ნახატში საკუთარი ისტორია დაინახოს. ჩემთვის მხატვრობა არ არის მხოლოდ ფორმა ან ფერი – ეს არის გრძნობა, რომელსაც ხედავ, როცა სიტყვები აღარ არის საჭირო.

დავით გუა ცნობილი, აღიარებული მხატვარი. ქალბატონი მანანა გეგიძე გვიან ასაკში ეზიარა მხატვრობას და ზოგადად ფერწერის სახოვანების საიდუმლოებებს. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევები ერთეულებია, მაგრამ ხდება ადამიანებში, როცა 60 წლის ასაკიდან პირველად კიდებენ სახატავ ფუნჯებს ხელს. ეს ფენომენი ზოგ მომენტში გასაგებია, მაგრამ ზოგჯერ ამოუხსნელიც. ყველაზე მთავარი მაინც, მიმაჩნია, რომ ასეთი შემთხვევების დროს ადამიანი საკუთარ სამყაროს და ემოციებს ხილვადს ხდის – საკუთარი თავისთვის მეტწილად, მაგრამ საბოლოოდ, მაინც სხვებისთვისაც. ასეთ დროს კარგია და მნიშვნელოვანი თუ სხვასაც, ვინც მოგისმენს და თანაგიგრძნობს იმათაც გაუზიარო შენი სამყაროს თვისებები და ფერები. მანანა დიდი ენთუზიაზმით დაადგა ამ გზას და ვფიქრობ მალე ხალხს მისცემს ამის შესაძლებლობასაც კი. მე ვადევნებ თვალს მის შრომას და ვეუბნები, ხოლმე რა მომწონს და რა არ მომწონს. ზოგადად ბევრ ნამუშევარზე შევუქე და ეს იყო გულწრფელი. არ მიყვარს ამ დროს პირფერობა, როცა მხატვრობის შეფასებას ეხება საქმე ვიტყვი, რომ ამ მცირე პერიოდში მანანამ ბევრი იმუშავა და ამიტომ შედეგიც შესანიშნავი აქვს ვფიქრობ ასე ყველა ვერ შეძლებდა. გამოფენაზე ვიხილავთ ამ ყველაფერს და დარწმუნდებით თქვენც.

ბელა ქებურია პოეტი – მე მისი ნახატების პოეტურობას მინდა ხაზი გავუსვა. მისი ნამუშევრები დღითიდღე ახალს ამბობს და თან ძალიან საინტერესოდ ეს უდავოა. მე მომწონს მისი ქალები სხვადასხვა ასაკის ხასიათის, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ, სიკეთე. დიახ ბევრი სიკეთეა ნახატში, ეს მოძრაობებში, ჟესტებში ჩანს, ფერებში პირველ რიგში. ხშირად მიფიქრია, თანამედროვე ეპოქის უსაზღვროდ სწრაფი და ემოციურად დამთრგუნველი ატმოსფერო, მოაზროვნე ადამიანის ტვინს როგორი დაუოკებელი ძალით აიძულებს, ყოველდღიურ დამთრგუნველ რუტინას გაექცეს და შვების ოაზისი აპოვნინოს…. ზოგს მცენარეებთან ურთიერთობაში, ზოგს სპორტულ დატვირთვაში, მცირე ნაწილს კი საკუთარ თავში ახეტიალებს და ,,აიძულებს“ თვითგადარჩენის, თვითდამკვიდრების ინსტინქტი ხელოვნებისკენ მიმართოს…

მანანა გეგიძე იმ იშვიათ ხელოვანთა რიგს მიეკუთვნება, რომელმაც მრავალწლიანი ჟურნალისტური მოღვაწეობის მერე მისი უნარი ფერებში გააცისკროვნა. თითქმის ჩვენს თვალწინ დაიბადა მხატვარი, რომელმაც საკუთარი სულის ფერადოვან პალიტრაში ამოავლო ყალამი და მისი შინაგანი სამყარო ,,დუმილის ხელოვნებით“ – ხატვით აამეტყველა. გულით ვხარობ, როცა მის გასაოცარ შრომისმოყვარეობას, თავდადებას და ტილოსთან მუშაობას ვუყურებ… ხატვისას ის არ არის დედამიწელი… სადღაც მისთვის თვალხილულ, ხოლო ჩვენთვის უხილავ სამყაროშია გადასული და ზენათელით უბრწყინავს სახე… უამრავი რამის თქმა მინდა, მაგრამ ფორმატის გამო, მომავლისთვის გადავდებ, მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, მრავალჟამიერ, შენი ეს სულიერი და შთამაგონებელი გარდასახვა, მეგობარო.
შეგახსენებთ რომ გამოფენა: „მანანა – ფერების ისტორია“ 4 ნოემბერს, ბათუმში ხელოვნების მუზეუმის გალერეაში გაიხსნება.

Scroll to Top