„უფალმა მაჩუქა მეორე სიცოცხლე… “ – როგორ მიმდინარეობს მერიკო კარტოზიას რეაბილიტაციის პროცესი

მერიკო კარტოზია

ტელეჟურნალისტი მერიკო კარტოზია ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს მისი სარეაბილიტაციო კურსი დიდი მოტეხილობის შემდეგ, რომელიც ამერიკაში გადაღებებზე მიიღო, როგორ გაფილტრა მეგობრების წრე და რატომ აღარ მუშაობს „პოსტივიზე“.

მერიკო კარტოზია:

თითქოს მოვრჩი რეაბილიტაციის კურსს. შეიძლება ითქვას, კარგად ვარ, თუმცა ამინდის ცვლილების გამო ყველა მოტეხილი ძვლის ტკივილს ვგრძნობ…

უფალმა მაჩუქა მეორე სიცოცხლე, მომცა ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა. უსაზღვროდ მადლიერი ვარ მისი. ამ ამბავმა ასევე დამანახვა, ვინ არის ჭეშმარიტი მეგობარი და ვინ იყო მხოლოდ ნიღაბამოფარებული, ფარისევლურად მომღიმარი და ვითომ კეთილისმყოფელი.

ალბათ, ბევრი ფიქრობდა, მერიკოს რა უჭირს, ცნობილია, პოპულარულია, მაინც გამოვა მდგომარეობიდანო. არადა, ამ დროს თბილი მოკითხვა, მოფერება ძალიან მნიშვნელოვანია. არ იფიქროთ, რომ ვინმეზე გაბრაზებული ან განაწყენებული ვარ, პირიქით, მადლობელი ვარ, რომ გაიფილტრა ჩემ გარშემო გარემო და დარჩნენ ჭეშმარიტი ახლობლები და გულშემატკივრები…

მაყურებელს მოენატრეთ თქვენი გადაცემებით. ხომ აპირებდით ტელევიზიაში დაბრუნებას?

პირველად ვამბობ, რომ კარგა ხანია, „პოსტივის“ თანამშრომელი აღარ ვარ. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი გადაცემა „ერთი ამბავი მერიკოსთან“ გაგრძელდეს და სატელევიზიო ფორმატში გავიდეს. მაქვს შემოთავაზებები სხვა არხებიდან…

Scroll to Top