საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმების წარმოებას დააფინანსებს. კონკურსში „პირველი (სადებიუტო) სრულმეტრაჟიანი ფილმების 2026-2027 წლის წარმოების დაფინანსება“ მონაწილეობისთვის განაცხადი და დოკუმენტაცია მიიღება ელექტრონულად, 2026 წლის 29 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის 18:00 საათამდე ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ პროგრამაში – cinemacom.ge.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ რეჟისორებს. წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი მაქსიმუმ 1 მლნ ლარი უნდა იყოს. წარმოდგენილი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა აღემატებოდეს 52 წუთს.
კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა კონკურსისთვის სულ 3 მლნ ლარი გამოყო. საკონკურსო პირობებით განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში, მაქსიმუმ 5 პროექტი დაფინანსდება. ეროვნული კინოცენტრი საკონკურსო ფილმის მთლიანი ბიუჯეტის 75%-მდე დააფინანსებს. ბიუჯეტის დარჩენილი ნაწილი შევსებული უნდა იყოს ალტერნატიული დაფინანსების წყაროებიდან.
კონკურსში წარდგენილ პროექტებს ორი საექსპერტო შემადგენლობა განიხილავს. პირველ ეტაპზე საექსპერტო კომისიის პირველი ჟიური პროექტებს შეაფასებს ოთხი კრიტერიუმით: ფილმის პროექტის მხატვრული ღირებულება; ფილმის პროექტის პროდიუსერისა და ავტორების გამოცდილება; ფილმის პროექტის პროდიუსერისა და ავტორების სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობის გამოცდილება, ფილმის პროექტის პროდიუსერის, ავტორების და მონაწილეების (შემოქმედებითი ჯგუფი) მიერ შექმნილი ფილმების მიერ მიღებული ჯილდოები. მეორე ეტაპზე კი სხვა საექსპერტო ჟიური 7 კრიტერიუმით იხელმძღვანელებს: ა) ფინანსური კუთხით პროექტის განხორციელებადობა და მდგრადობა; ტექნიკური დოკუმენტაციის გამართულობა; პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების რეალურობა; პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მოპოვების ვადა; გააჩნია თუ არა შეუსრულებელი ფინანსური ან სხვა სამართლებრივი ხასიათის ვალდებულება ეროვნული კინოცენტრის წინაშე (მათ შორის, დაკისრებული აქვს თუ არა ფინანსური სანქციები); პროექტის კომერციული წარმატების პერსპექტივა; მიღებული აქვს თუ არა დაფინანსება პროდიუსერს ეროვნული კინოცენტრიდან და დადებით შემთხვევაში, პროდიუსერის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა (ფილმის დასრულება, გადავადების არსებობის ფაქტი, დაუსრულებელი პროექტი და სხვ.); ხარჯთაღრიცხვის შეფასებისას მხედველობაში მიიღება, თუ რამდენად არის გათვალისწინებული საბაზრო ფასები მისი შედგენისას.
წინასწარი კონსულტაციისთვის კონკურსანტებს შეუძლიათ მიმართონ სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს: მანანა მელაძეს (წარმოება და ფინანსები) ელ.ფოსტაზე [email protected] და გიორგი ჯანყარაშვილს (წარმოება და ტექნიკური საკითხები) ელ.ფოსტაზე [email protected]





