ნინი ბადურაშვილი „პრაიმშოუდან“ წამოსვლის შემდეგ მუსიკალურ კარიერას აქტიურად დაუბრუნდა. დუეტ „ჯორჯიასთან“ ერთად ჩაწერა სიმღერა „ღიმილს ნუ მალავ“. ზაფხულის განმავლობაში ლაივ ბენდ NONSTOP- თან ერთად კონცერტებს გეგმავს. არ გამორიცხავს, რომ მომავალში ტელევიზიაში კვლავ დაბრუნდეს. ნინიმ „მიუზიკ ბოქსთან“ უახლეს გეგმებზე ისაუბრა.
რამდენიმე თვის წინ მინდოდა, სოლო კონცერტი გამეკეთებინა, რომლისთვისაც სერიოზულად ვემზადებოდი. რამდენიმე დუეტის ჩაწერის სურვილი მქონდა. პირველად რატი და მაკა გამახსენდა. ვიცოდი, რომ რატის ბევრი ახალი და კარგი სიმღერა ჰქონდა. რამდენიმე სიმღერას განვიხილავდით, მაგრამ ყველაზე მეტად „ღიმილს ნუ მალავ“ მომეწონა. მივმართე ბორიკო შხიანს და გიგა კუხიანიძეს, რომელიც არაჩვეულებრივი მუსიკოსია. ვფიქრობ, სასიამოვნოდ მოსასმენი, კარგი სიმღერაა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსმენელი ამ სიმღერას შეიყვარებს.

როგორი ზაფხულის გეგმები გაქვს?
ბევრი კონცერტი მინდა, რომ გავაკეთო. მგონია, რომ ჩემ ლაივ ბენდ NONSTOP- თან ერთად საკმაოდ დატვირთული ზაფხული მექნება.
„პრაიმშოუს“ წამყვანი იყავი წლების განმავლობაში. ტელევიზიაში მუშაობის ნოსტალგია გაქვს?
– ვგულშემატკივრობ „პრაიმშოუს“ გუნდს და მიხარია, რომ გადაცემა კვლავ რეიტინგულები არიან. მე დავასრულე რაღაც ეტაპი და არ გამოვრიცხავ, რომ ნოეს რომელიმე პროექტში, ან სხვა პროექტში კვლავ გამოვჩნდე. რვა წელი თითქოს ერთი და იგივე ხდებოდა. მუსიკის მიმართულებით არაფერს აღარ ვაკეთებდი. მინდა, რომ ამ სფეროში ბევრი რამ გავაკეთო და ვნახოთ, იმედია, ყველაფერი კარგად გამომივა.
რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
-პირადზე არასდროს ვსაუბრობ მედიასთან, არ მიყვარს. რა თქმა უნდა, არსებობს ადამიანი, რომელთან ერთადაც ვარ, კარგად ვგრძნობ თავს. თუ სერიოზულად რამეს გადავწყვეტთ, აუცილებლად ვიტყვი.
„ღიმილს ნუ მალავ“ რადიოპრემიერა