„ნიჭიერთა ათწლედი“ International Jazz Day-ის ჯაზ-კლუბ ARTERIA-ში აღნიშნავს

ნიჭიერთა ათწლედი

30 აპრილს, თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ-კლუბი „ARTERIA“ ჯაზის საერთაშორისო დღეს მასპინძლობს. კონცერტში მონაწილეობენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ჯაზის განყოფილების მოსწავლეები – ანასტასია გარსევანიშვილი, ბარბარე ხულორდავა, რატი გელოვანი, ქეთა ახალბედაშვილი, პეტრე იაკობაშვილი, ნია ელბაქიძე, ქეთი წიკლაური, დავით ინანეიშვილი და სანდრო ბარაბაძე.

ჯაზ-ანსამბლის ხელმძღვანელია შესანიშნავი ჯაზ-პიანისტი, სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, თბილისის ბიგ-ბენდის სოლისტი ქ-ნ დინი ვირსალაძე. მოსწავლეების სპეციალობის პედაგოგები არიან: კახი ჯაგაშვილი, თამაზ დარსაველიძე, სოფიო მურუსიძე, და ლაშა სხილაძე.

ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამოს სპეციალური სტუმრები არიან ახალგაზრდა თაობის გამორჩეული ჯაზ-პიანისტი პაპუნა შარიქაძე, ვირტუოზი ბასისტები ირაკლი დოლიძე, ლევან დეისაძე და ცნობილი დრამერი ზაზა ცერცვაძე.

საღამოს განსაკუთრებულ ხიბლს შემატებს „ნიჭიერთა ათწლედის საბავშვო ორკესტრი“, რომლებიც გააჟღერებენ ჯორჯ გერშვინის, გლენ მილერის და ლუი არმსტრონგის უკვდავ ჯაზ-სტანდარტებს და მსმენელს ჯაზის ოქროს ხანაში ამოგზაურებენ. „ნიჭიერთა ათწლედის“ საბავშვო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელია ქ-ნ ირინა ოდიშარია. ორკესტრს დირიჟორობს ათწლედის მე-12 კლასის მოსწავლე ანდრია ბოლქვაძე.

აღსანიშნავია, რომ სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“ ჯაზის განყოფილება, სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ დირექტორის მოადგილის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის თამუნა მიქაძის ინიციატივით 2011 წელს დაარსდა და მას შემდეგ დიდი წარმატებით ფუნქციონირებს (განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ სწორედ იმავე წელს UNESCO-მ 2011 წელი ჯაზის საერთაშორისო წლად გამოაცხადა). აღსანიშნავია ასევე, რომ საქართველოს სამუსიკო სასწავლებლებიდან ჯაზის საშემსრულებლო პროგრამა მხოლოდ „ნიჭიერთა ათწლედში“ მოქმედებს. „ათწლედის“ ჯაზის პროგრამის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ასევე ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ ჯაზის აკადემიებში. გარდა ამისა, ისინი აქტიურად არიან ჩართული საშემსრულებლო საქმიანობაში საერთაშორისო ესტრადაზე.

„ნიჭიერთა ათწლედის“ ჯაზის განყოფილების მოსწავლეები ჯაზ-კლუბ „ARTERIA“-ს სცენაზე ხშირად მართავენ ჯემ-სეიშენებს, ვინაიდან ჯაზის დისციპლინების შესწავლის პარალელურად, ახალგაზრდა მუსიკოსების პროფესიული განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკონცერტო სცენაზე რეგულარულ გამოსვლებს.

ამდენად, 30 აპრილს „ARTERIA“-ს სცენაზე სხვადასხვა თაობის შესანიშნავი მუსიკოსები ერთ სცენაზე გაერთიანდებიან, რაც ამ მუსიკალურ დღესასწაულს განსაკუთრებულად შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ დასასრულს შესძენს.

ეს იქნება საღამო, სადაც შედგება თაობათა ცოცხალი დიალოგი – ახალგაზრდები და პროფესიონალი მუსიკოსები ერთ სცენაზე შექმნიან ერთიან მუსიკალურ სივრცეს და სიმბოლურად შეუერთდებიან იმ ქალაქების გლობალურ სივრცეს, სადაც 2011 წლიდან ტრადიციულად აღინიშნება ჯაზის საერთაშორისო დღე.

ARTERIA-ში გამართული ჯაზის საერთაშორისო დღე იქნება ერთგვარი მანიფესტი – გლობალური მუსიკალური აქტი, რომლის დროსაც მსოფლიო ერთიანდება და სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად ჟღერს ჯაზი, როგორც თავისუფლების, დემოკრატიულობისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის უნივერსალური სიმბოლო.

საქართველო, როგორც ჯაზისადმი მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყანა, ამ საერთაშორისოდ მნიშვნელოვან მოძრაობას ღირსეულად უერთდება, სახელოვნებო აქტით, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივ კულტურულ ცხოვრებას ამდიდრებს, არამედ ქვეყანას მსოფლიო ჯაზის რუკაზეც ღირსეულად წარადგენს.

კარი გაიღება: 20:00

დასაწყისი: 20:30

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლა, სიონის ქუჩა N8

ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე

https://tkt.ge/event/501058/international-jazz-day-at-arteria

International Jazz Day-ის ოფიციალური ბმული:

Scroll to Top