რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა, „ვიზიტორის“ სტუმარია ჟურნალისტი, ნინო ხაჟომია. მას სიმსივნის დიაგნოზი აქვს და ამჟამად მკურნალობის კურსს გადის. ტელეჟურნალისტს დაავადებასთან გამკლავების საკუთარი მეთოდები აქვს.
როგორი ბავშვობა გქონდა?
ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, ჩემი ავადმყოფობა არ უკავშირდება ბავშვობას. ბავშვობაში არ მინდოდა ჟურნალისტობა, მინდოდა, კინორეჟისორი გავმხდარიყავი, მაგრამ მახსოვს, როდის მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტობა მსურდა, ეს მაშინ მოხდა, როცა დავინახე, როგორ გადმოდიოდა ხალხი ჭუბერზე, მარტო „პირველი არხი“ იყო მაშინ და ისინი აშუქებდნენ. დღემდე ჩემი ოცნებაა, გავაკეთო დოკუმენტური ფილმი ჭუბერზე. ადამიანებს საოცარი ისტორიები ჰქონდათ.
შემდეგ მოვხვდი ყველაზე ტრენდულ გადაცემაში, „60 წუთი“. ამერიკიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, 19 წლის გოგო. აკაკი გოგიჩაიშვილმა მითხრა, კანცელარიაში უნდა წახვიდე ინტერვიუზეო. აკაკი გავიცანი ამერიკაში, რომ ჩამოვედი, მკითხა, ხომ არ მოსინჯავო. ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი შანსი, რომელიც უნდა გამომეყენებინა. ექსტრიმი იყო ჩემთვის, მახსოვს, ფინანსთა სამინისტროდან დოკუმენტი მაქვს მოპარული.
მე და აკაკიმ გავაკეთეთ პირველი რეალური შოუ, „იდეა ფული და ერთი შანსი“. ძალიან მაგარი იყო. შემდეგ კი უკვე გაჩნდა „ბიზნეს კურიერი“.




