მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ხელოვნებათმცოდნე ქსენია კორობაინიკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა. დიდი მხატვარი. დიდი ადამიანი. დიდი მოქალაქე. დიდი მეცენატი. ის 92 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და რუსეთის სამხატვრო აკადემიას“, – წერს კორობაინიკოვა „ტელეგრამ“ არხზე.
ზურაბ წერეთელი დაიბადა 1934 წლის 4 იანვარს თბილისში. 1958 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1979 წელს ის საქართველოს სახალხო მხატვარი გახდა. 1980 წელს წერეთელს საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრის წოდება მიენიჭა.
ზურაბ წერეთელი 1997 წლიდან რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი იყო.
2002 წელს ის გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. ბოლო პერიოდში წერეთელი რუსეთში მოღვაწეობდა.