ცნობილი მსახიობის, როლიკო ოქროპირიძის უფროსი ვაჟის, გიორგის დედა, მწერალი ეკატერინე ბაქრაძე სოციალურ ქსელში შვილის შესახებ წერს.
ეკატერინე ბაქრაძე ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მისი შვილი ტელეეკრანებზე გამოჩნდა, ბევრი შეტყობინება მიიღო.
მისი თქმით ამ პოსტს იმ შეკითხვების გამო წერს, რომელიც მისი და მისი შვილის საქმიანობას ეხება:
„არ ჩერდება უცნობი ადამიანების თხოვნები, შეტყობინებები. ემიგრანტი ქალბატონები აქტიურობენ ყველაზე მეტად ჩემი ლიმიტიც ცოტავდება.
ამ პოსტს ვწერ იმ შეკითხვების გამო, რომელიც ჩემი და ჩემი ბიჭის საქმიანობას ეხება. თუმცა, ბევრი რამ ისედაც გასაგებად აჩვენა გიორგის სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობამ, ჩემმა ინტერვიუმ…
კითხვები ბევრია.
ყველას მადლობას გიძღვნით, ჩემო კარგებო, სათითაოდ პასუხი რომ მოვინდომე, გამიჭირდა. ბევრ დროს ითხოვს…
მეზობელმა მითხრა: ეს რა ბიჭი გვყოლია და არ ვიცოდითო. შენს თვალწინ გაიზარდა, რა გაიგე ახალი-მეთქი? – გამეცინა. აი, ტელევიზიის უპირატესობა – ცნობილის სტატუსი, რომელსაც აქვს თავისი შუქ-ჩრდილები და რომელიც თავად ვიწვნიე ბავშვობაში და შემდეგაც.
გიო ბიჭი, ხაშურში რომ დავბრუნდით, იმ ოქტომბერს გახდა 2 წლის. სმენა და მუსიკალური ნიჭი მაშინვე ჰქონდა. ლექსებს ვუკითხავდი ძილის წინ და კლასიკური მუსიკით ვაძინებდი. 4 წლისამ იცოდა ბახი, მოცარტი, შოპენი.
არასდროს მისაუბრია მასთან ენის მოჩლექით, არასდროს მომიტყუებია და პირობა არ დამირღვევია. უპასუხოდ არცერთ მის შეკითხვას არ ვტოვებდი. რაც ყველაზე მთავარია, ყველგან ერთად დავდიოდით.
ჩემს პოეზიის საღამოებზე პოეტური დუეტი გვქონდა, მერე სცენაზე ცეკვავდა.
საესტრადო სტუდია „ციცინათელა“ წარმატებით დაასრულა, სადაც ხალხურ სიმღერებსაც ეზიარა. ქართულ ცეკვას სწავლობდა „ფრესკას” სტუდიაში. შემდეგ 2 წელიწადნახევარი სამეჯლისო ცეკვებზე ვიარეთ ხაშურიდან თბილისში „თელას“ სტუდიაში, კვირაში ორჯერ. ბატონმა თენგიზ გაჩეჩილაძემ „დაადგა“ თვალი და… წარმატებებით სავსე ულამაზესი წლები რატის და კარინას შრომის შედეგი იყო, რომელმაც წლების შემდეგ, ჩემი „აკვარიუმის“ სპექტაკლების ქორეოგრაფი მომივლინა გიორგის სახით.
ჩემი „აკვარიუმის“ ათწლიან, წარმატებულ არსებობას დღემდე გიორგის ჩართულობა აძლევს სტიმულს.
ასაკობრივი სირთულეების გადალახვა შვილთან მეგობრობამ გამიიოლა, უპირველესად.
წიგნების კითხვა უყვარს და ფიქრი. წერს, არცთუ ურიგოდ, პროზაული აზროვნება პოეზიაზე კიდევ უფრო საინტერესოდ გამოსდის.
ჩემი ბრძოლის მიუხედავად, სიზარმაცესთან მეგობრობს, პრაგმატიზმისგან ისე შორს დგას, ოდესმე თუ დაიახლოებს, არ მჯერა. ხელოვანის დაბნეულობა ფრიად მისი მახასიათებელია … ქართლ-კახური სიწრფელე და პირდაპირობა გენეტიკურად მოსდევს( ზედმეტადაც).
მგონი, ყველაფერი ვთქვი.
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რა გვაქვს საერთო დედა-შვილს.
ამ პოსტსაც გავუთიშავ კომენტარის ველს.
მიიღეთ ჩვენი კეთილი სურვილები და მადლიერება“, – წერს ეკატერინე ბაქრაძე სოციალურ ქსელში.