შესანიშნავ ქართველ მევიოლინეს, პირველ ქართველ საერთაშორისო კონკურსების ლაურეატს, საქართველოს სახალხო არტისტს, შოთა რუსთაველის და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, მოსკოვისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორს მარინე იაშვილს წელს 93 წელი შეუსრულდებოდა.
2025 წლის 7-14 ნოემბერს ა(ა)იპ “საქართველოს მუსიკოსთა გაერთიანების” ორგანიზებით საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება მარინე იაშვილის სახელობის სიმებიან საკრავზე შემსრულებელთა მე-3 საერთაშორისო კონკურსი.

კონკურსის საზეიმო გახსნის ცერემონიალი და გალა კონცერტი შედგება 7 ნოემბერს ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
საკონკურსო-შემოქმედებითი ტურები ჩატარდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე და დიდ საკონცერტო დარბაზებში, ასევე ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“.
კონკურსი ტარდება 3 წელიწადში ერთხელ შემდეგ ნომინაციებში: ვიოლინო, ალტი, ჩელო, არფა.
საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობენ 15-დან 27 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლები ორი ასაკობრივი კატეგორიების შესაბამისად:
- „ა“ კატეგორია 15-19 წლის ჩათვლით
- „ბ“ კატეგორია 20-27 წლის ჩათვლით
კონკურსი ტარდება 3 ტურად. მე-3 ტურში გადასული კონკურსანტები წარდგებიან სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
„მარინე იაშვილის სახელობის სიმებიან საკრავზე შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის” დაარსების დღიდან, იზრდება კონკურსში მონაწილე შემსრულებლების რიცხვი, გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. განსაკუთრებით აღსანიშნავია კონკურსის ჟიურის წევრები, რომლებიც ტრადიციულად დაკომპლექტებულია უცხოეთიდან და საქართველოდან მოწვეული მაღალი რანგის მუსიკოსებით.

კონკურსის ჟიური:
ვიქტორ ტრეტიაკოვი – რუსეთი / გერმანია
ნატალია ლიხოპოი – რუსეთი / გერმანია
არმან სიმონიანი – სომხეთი / ბელგია
ბენჟამენ იზმაილოვი – სლოვენია / ავსტრია
ვიქტორია ბლაჟინა – რუსეთი / საქართველო
ორფეი სიმიკი – ავსტრია
გოჩა სხირტლაძე – საქართველო / მექსიკა
წლევანდელ კონკურსში მონაწილეობენ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლები შემდეგი ქვეყნებიდან: ესპანეთი, უკრაინა, ლატვია, სომხეთი, ყაზახეთი, ინგლისი, მექსიკა , რუსეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.
ვიდეო „იაშვილებოს ოჯახი“:




