სულ ცოტა დრო რჩება კლასიკური მუსიკის ნამდვილ დღესასწაულამდე.
3–13 სექტემბერს ისტორიული წინანდლის მამული მერვედ უმასპინძლებს კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ მოვლენას საქართველოსა და რეგიონისთვის.
ათი დღის განმავლობაში ფესტივალი მსმენელს გამორჩეულ მუსიკალურ გამოცდილებას და მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს წინანდლის მამულის ჯადოსნურ გარემოში. კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები, ახალგაზრდა შემსრულებლები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
წელს წინადნლის ფესტივალი მსმენელს 23 დღის და საღამოს კონცერტს შესთავაზებს. 3 სექტემბერს ფესტივალს გახსნის მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად, რომელსაც ფესტივალის მუსიკალური დირექტორი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა უდირიჟორებს. შესრულდება კაროლ შიმანოვსკის სავიოლინო კონცერტი №1 და ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის სიმფონიური სიუიტა „შეჰერაზადა“.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც საქართველოდან და რეგიონის ცხრა ქვეყნიდან ახალგაზრდა მუსიკოსებს აერთიანებს, წელს 4 კონცერტს გამართავს.
როგორც ყოველთვის, წინანდლის ფესტივალზე მსმენელის წინაშე წარდგებიან მსოფლიოს უდიდესი მუსიკოსები. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ: სერგეი ბაბაიანი, ლიზა ბათიაშვილი, რაფაელ ფიოლეტრი, ილია გრინგოლცი, მარკ-ანდრე ჰამელინი, ალექსანდრე მალოფეევი, საიაკა შოჯი, ანიტა რაჭველიშვილი, ჩენ რაისი, კიან სოლტანი, პინკას ცუკერმანი და სხვები.
წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებით მასშტაბური იქნება – მასში 300-ზე მეტი მუსიკოსი მონაწილეობს. მე-8 სეზონი ქართველი მუსიკოსების მრავალრიცხოვანი მონაწილეობითაც გამოირჩევა. ფესტივალს შეუერთდება თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდი, მსმენელის წინაშე წარსდგება გიორგი გიგაშვილი და გიორგი მარდალეიშვილი, ტრადიციულად წინანდალში ჩასული სტუმრები იხილავენ ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” კონცერტს. განსხვავებული ფორმატით იქნება წარმოდგენილი დმიტრი კრიმოვის რეჟისორული დადგმა, ჟორჟ ბიზეს „კარმენის ტრაგედია“, რომელშიც მონაწილეობენ ანიტა რაჭველიშვილი, ნიკა ლაგვილავა, მიხეილ შეშაბერიძე და ანა ფალავანდიშვილი; დირიჟორი – ილია ინაიშვილი.
ფესტივალის დასკვნით კონცერტზე, 13 სექტემბერს, მსმენელის წინაშე წარდგება ქართველი პიანისტი, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, დავით ხრიკული. შერულდება ფრედერიკ შოპენიs საფორტეპიანო კონცერტი No. 2, რიხარდ შტრაუსის სიუიტა ოპერიდან „ვარდების კავალერი“, მორის რაველის ვალსი.
წინანდლის ფესტივალი აგრძელებს თავის მთავარ მისიას – სამშვიდობო იდეის, მაღალი კულტურული ღირებულებებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებას. ფესტივალის პროგრამის ნახვა და ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.ge-ზე: https://tkt.ge/show/32141/tsinandlis-festivali-2026





