საქართველოში ამერიკელი მომღერლის კანიე ვესტის (YE, KANYE WEST) კონცერტი გაიმართება.
ინფორმაცია ამის შესახებ Starring Georgia-მ გაავრცელა. მათივე ცნობით, კანიე ვესტის კონცერტი 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება.
ბილეთების გაყიდვა 12 მაისს, 12:00 საათზე, tkt.ge-ზე დაიწყება. თუმცა, თიბისის ბარათების მფლობელები, ბილეთების შეძენას ექსკლუზიურად, 24-საათიანი პრესეილის ფარგლებში, 11 მაისის 12:00 საათიდან შეძლებენ.
დამატებით, თიბისის მომხმარებლებისთვის, ყველა კატეგორიის ბილეთზე გავრცელდება 25%-იანი ფასდაკლება, როგორც პრესეილის, ასევე 12 მაისიდან დაწყებული საერთო გაყიდვების პერიოდში. ასევე, იმოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება თიბისი განაწილებით გადახდისას.
KANYE WEST, YE 21-ე საუკუნის მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფიგურაა. მისი შემოქმედებითი გზა ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავებისთვის ბითების შექმნით დაიწყო, თუმცა მალევე თვითონვე იქცა ვარსკვლავად, რომლის ანგარიშზეც 24 „გრემი“, 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და დაუვიწყარი საკონცერტო გამოცდილებებია. მისი კარიერის საწყისი ეტაპის ნამდვილ ტრიუმფად იქცა ალბომები: The College Dropout, Late Registration და Graduation. ამ ჩანაწერებმა, ჰიპ-ჰოპში სრულიად ახალი სტანდარტები დაამკვიდრა და არტისტს დიდ ლეიბლებთან გზა საბოლოოდ გაუხსნა.
2026 წლის მარტში არტისტმა ახალი ალბომი, Bully გამოსცა. ამ რელიზს ექსკლუზიური შოუებიც მოჰყვა, რომელთა შორისაც ლოს-ანჟელესში, დედამიწის ფორმის სფერულ სცენაზე გამართული პერფორმანსი წლის მუსიკალური კულტურის მთავარ სასაუბრო თემად იქცა. სწორედ ამ ტურის ფარგლებში წარდგება არტისტი 12 ივნისს, „დინამო არენაზე“.




