კაილ ისტვუდი ქართველი მაყურებლის წინაშე ახალი პროექტით წარსდგება, რომელსაც მამას, კლინტ ისტვუდს მიუძღვნის  – რა ელის მაყურებელს ფესტივალზე „თბილისი – რიტმი“

0
263

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი – რიტმი“ ტრადიციულად აგრძელებს მსოფლიო დონის მუსიკალური ჟანრის ყოველწლიურ ზეიმს − 2023 წლის 24 და 28 ივნისს თბილისს აშშ- იდან, ინგლისიდან, ბრაზილიიდან და ლუქსემბურგიდან მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური ჯგუფები და მუსიკოსები ეწვევიან.

წლევანდელი საფესტივალო პროგრამა გაცილებით მასშტაბურია. კალეიდოსკოპურ მრავალფეროვნებას განსაზღვრავს ბრაზილიური „ბოსა ნოვას„ რიტმებისა და კლასიკად აღიარებული ამერიკული კინომუსიკის საოცარ შემსრულებელთა გასტროლი ჩვენს დედაქალაქში.

24 ივნისს ფესტივალი რუსთაველის თეატრში გაიხსნება უახლოესი პროექტით, „სიმფონიური ისტვუდის“ პრემიერით, რომელსაც ამერიკელი კონტრაბასისტი და კომპოზიტორი კაილ ისტვუდი უძღვნის თავის მამას, ცნობილ მსახიობს, კინორეჟისორსა და კომპოზიტორს – კლინტ ისტვუდს.

კაილ ისტვუდი საქართველოშია. რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში მან აღნიშნა, რომ მოხარულია, კვლავ ქართველ მაყურებელთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ მიეცა. 

„მოგესალმებით, მე ვარ კაილ ისტვუდი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი ბენდთან ერთად. 24 ივნისს  ჩვენ ვგეგმავთ, „სიმფონიური ისტვუდის“ პრემიერით წარვდგეთ ქართველი მაყურებლის წინაშე. შევხვდებით რუსთაველის თეატრში“. – ამბობს კაილ ისტვუდი.

მან ჩვენთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა მამამ, კლინტ ისტვუდმა, რომელმაც ბავშვობიდან შეაყვარა მუსიკა.

ფესტივალის პროგრამაში შესულია კლინტ ისტვუდის მიერ დაწერილი მუსიკა, რომელიც მან სპეციალურად თავისი ფილმებისთვის შექმნა.

კაილ ისტვუდი თავისი კვინტეტთან ერთად, თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის 63-წევრიანი ორკესტრის თანხლებით შემოგვთავაზებს მრავალფეროვანი ემოციური მელოდიების ინტერპრეტაციებს კლინტ ისტვუდის რჩეული კინოფილმებიდან.

სიმფონიურ ორკესტრს გრემის პრემიის მფლობელი, ლუქსემბურგელი კომპოზიტორი და დირიჟორი გასტ ვალცინგი უდირიჟორებს. ეს განსაკუთრებული მუსიკალური საღამო გააერთიანებს ორ მიმდინარეობას, კინოსა და მუსიკას, რომლებიც საოცარი ემოციური მუხტისა და ამაღლებული შემოქმედებითი ძალის სინთეზი იქნება არა მხოლოდ მამაშვილური ურთიერთობის გამოსახატავად, არამედ კინომუსიკის მიმართ ამ ორი ხელოვანის უდიდეს გატაცებასაც წარმოაჩენს.

ფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართება 28 ივნისს კოტე მარჯანიშვილის თეატრში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here