იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა – როგორ ატარებდა სიცოცხლის ბოლო წლებს ცნობილი მომღერალი

0
352

1980-იანი წლების ვარსკვლავი ტოტო კუტუნიო, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა მთელ მსოფლიოში, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამბობენ, რომ მომღერალი დიდხანს იტანჯებოდა ონკოლოგიური დაავადებით, რომელიც 2008 წელს აღმოუჩინეს. რამდენიმე ოპერაცია და ქიმიოთერაპიაც გადაიტანა და უკეთ იყო რამდენიმე წელი. პირველად რომ გამოკეთდა და ექიმებმა უთხრეს, რომ დაავადებამ უკან დაიხია, ოცნება აისრულა და პორტოფინოში, მის სათაყვანებელ ზღვასთან იყიდა სახლი და იახტა. ზუსტად ისე, როგორც ღარიბი ბავშვობისას ოცნებობდა.

“მე გულით ვმღერი ჩემს სიმღერებს და ამიტომ განიცდიან ადამიანები, რომლებიც მე მისმენენ, ნამდვილ გრძნობებს”, – ამბობდა იტალიელი ტოტო.

ტოტოს ნამდვილი სახელი სალვატორეა. 1943 წლის 7 ივლისს დაიბადა ტოსკანურ ქალაქ ფოზდინოვოში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. ბავშვობიდან გამოავლინა მუსიკის სიყვარული და მამის მსგავსად, რომელიც შესანიშნავად უკრავდა საყვირზე, თავადაც აითვისა ეს ინსტრუმენტი. მოგვიანებით თავისით ისწავლა აკორდეონზე და დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა. 13 წლისამ პირველი ადგილი აიღო რეგიონულ მუსიკალურ კონკურსზე.

19 წლამდე მუსიკალურ ჯგუფებში უკრავდა, შემდეგ კი საკუთარი ჯგუფი ჩამოაყალიბა, მუსიკის შექმნა დაიწყო და მალე მოვიდა წარმატება და გამარჯვებები, გამოსვლები იმ დროის ვარსკვლავებთან – ჯო დასენთან, მირეი მატიესთან, ადრიანო ჩელენტანოსთან.

უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა მთელი ცხოვრება, თუმცა ერთი ცოლი ჰყავდა – ჯერ კიდევ 1970-იან წლებში გაიცნო გოგონა შეძლებული ოჯახიდან კარლა, მოხიბლა და 1971 წელს იქორწინა. წყვილს შვილი არ ჰყოლია.

1989 წელს სტიუარდესასთან შემთხვევითი ურთიერთობის შემდეგ გაუჩნდა ვაჟი ნიკო. ცოლმა აპატია ეს ღალატი და არ უშლიდა ხელს ქმარს, რომ შვილთან ჰქონოდა ურთიერთობა. ტოტოც მთელი ცხოვრება ზრუნავდა და ათამამებდა ვაჟს, დაატარებდა გასტროლებზე და ამბობდა, რომ ნიკო მისთვის იყო სინათლე ფანჯარაში.

1980 წელს კუტუნიომ სან-რემოს კონკურსში გაიმარჯვა და შემდგომ წლებში არაერთხელ მოიპოვა საპრიზო ადგილები. სან-რემოს კონკურსი სსრკ-ში ტელევიზიითა და რადიოთი გადაიცემოდა და კუტუნიომ დიდი პოპულარობა მოიპოვა საბჭოთა მსმენელებში 1980-იან წლებში. მისი ჰიტები „L’italiano“ და „Serenata“ კარგად იყო ცნობილი ესტრადის საბჭოთა მოყვარულებისთვის. კუტუნიო არაერთხელ ჩავიდა კონცერტებით სსრკ-ში და, შემდგომში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის – საქართველოში.

ბოლო წლებში ტოტო იშვიათად გამოდიოდა სცენაზე, ძალებს უფრთხილდებოდა. ხშირად გადიოდა ზღვაში თავისი იახტით და თავის ოცნების სახლში როიალზე უკრავდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here