თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ჯონ მალკოვიჩი ჩამოვა – „თბილისს ძალიან საინტერესო დღეები ელოდება“

0
258

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მე-15 საიუბილეო სეზონისთვის ემზადება. 22 სექტემბრიდან- 18 ოქტომბრის ჩათვლით ფესტივალი: პოლონეთის, ლატვიის, ესპანეთის, ბელგიის, გერმანიის, უკრაინის დასებს მასპინძლობს.

თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთია მსოფლიოს დიდ თუ პატარა ფესტივალებს შორის, რომელიც ყოველ წელს ცდილობს, გაუძლოს დროს და მაყურებლის მოთხოვნას.

14 წლის განმავლობაში ფესტივალის მიზანია მაყურებელთან ერთად აღმოაჩინოს ყველაფერი ახალი – ტექსტი, თეატრალური ფორმა, მსახიობი, მაყურებელი და შეიცნოს ჯერ კიდევ უცნობი კულტურა, ახალი და განსხვავებული მიდგომა ხელოვნებისა და სამყაროს მიმართ.

„მიუზიკბოქსი“ მეტი დეტალის გასაგებად თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაკა ნასრაშვილს ესაუბრა:

„დღეს ფესტივალი ძალიან საინტერესო პროგრამით წარდგება მაყურებლის წინაშე. ფესტივალი მეთხუთმეტედ იმართება და თბილისის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი კულტურული ღონისძიებების მეშვეობით ჩვენი ქვეყნის კულტურის და ხელოვანების პოპულარიზაცია.

ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მსახიობები ჩამოდიან. თბილისში ჩამოვა ისეთი ცნობილი მსახიობი,როგორიცაა ჯონ მალკოვიჩი. მაქსიმალურად ვცდილობთ, ფესტივალს მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ და ამით ხელი შევუწყოთ თეატრისა და კინოს განვითარებას“, – აღნიშნა მაკა ნასრაშვილმა ჩვენთან საუბარში.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 50-მდე ქართული სპექტაკლის ჩვენება. ფესტივალს უამრავი უცხოელი ჟურნალისტი დაესწრება.

რეჟისორი დათა თავაძე ფესტივალზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მაყურებელს ბევრი საინტერესო სპექტაკლი ელოდება.

„წლევანდელი პროგრამა ძალიან მრავალფეროვანია. სექტემბრიდან საშუალება გვექნება, მსოფლიოს ახალ ტენდენციებს ვადევნოთ თვალი. ვიხილავთ მაღალი ხარისხის სპექტაკლებს, გაჟღერდება ძალიან მაღალი დონის ესთეტიკური აქცენტები და ასევე გაჟღერდება პოლიტიკური მესიჯები. მაყურებელს ვიწვევთ, რომ ამ დისკუსიაში ჩაერთოს. დარწმუნებული ვარ, თბილისს ძალიან საინტერესო დღეები ელოდება.

ქართული სპექტაკლებიდან გამიჭირდება რომელიმე გამოვყო, უცხოური სპექტაკლებიდან ფესტივალი მთავარ ფსონს დებს სპექტაკლზე – „ბამბის მინდვრები სიმარტოვეში“, რომელშიც მონაწილეობას ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჯონ მალკოვიჩი იღებს.

ეს არის ბრწყინვალე ფრანგი დრამატურგის, მარი კოლტესის სპექტაკლი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს.

პოლონელი რეჟისორი ლუკაშ ტვარკოვსკი არაჩვეულებრივ სპექტაკლს „თანამშრომლებს“ ჩამოიტანს.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სპექტაკლი თავისებურად საინტერესო და კარგი იქნება“,- აღნიშნავს დათა თავაძე ჩვენთან საუბარში.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 6 ივნისს დაიწყება და პირველ ივლისამდე შესაძლებელი იქნება, ბილეთების 20 % -იანი ფასდაკლებით შეძენა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here