თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართველი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ვახტანგ ფხაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართა

0
85

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართველი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ვახტანგ ფხაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოება მისი მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას, „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს გაეცნო.

ღონისძიებას, რომელიც ვახტანგ ფხაკაძის 65 წლის იუბილეს მიეძღვნა, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბიზნესმენები, უცხოელი პარტნიორები, ხელოვანები, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების წარმომადგენლები „ვახტანგ ფხაკაძის საქველმოქმედო ფონდის“ საქმიანობასა და განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბის ბრენდის, იტალიური ოჯახის თვალსაჩინო პარფიუმერიული სახლის წარმომადგენლის, პაოლო ტერენცის ინიციატივით შეიქმნა სუნამო, სახელწოდებით „ვახო65“, რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხები სრულად მოხმარდება ფონდის საქმიანობას.

საგულისხმოა, რომ ფონდს უკვე ჰყავს არაერთი გამორჩეული შემომწირველი. მათ შორის, მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი, რომელმაც ღონისძიების ფარგლებში ფონდს საკუთარი ნახატი გადასცა, მხატვრებმა ლუკა პატარქალაშვილმა და ელენე მეტრეველმა ასევე დახატეს დღევანდელი საღამოსთვის ნახატი, კომპანიამ „ეშვი“ კი დღევანდელი ღონისძიებისთვის შექმნა საიუბილეო – საქველმოქმედო სამაჯური.

ხაზგასასმელია, რომ „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ საქმიანობის მთავარ იდეას ახალგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენს. კერძოდ, ახალგაზრდა თაობის განათლების ხელმისაწვდომობა და მათი ხელშეწყობა. ამ ეტაპზე, საქველმოქმედო ფონდის მიერ ფინანსდება სტუდენტთა სწავლის საფასური და გაიცემა სტიპენდიებიც. შემომწირველთა აქტიურობა და ხელშეწყობა კი გაზრდის როგორც დაფინანსებული სტუდენტების, ასევე სტიპენდიატების რაოდენობას.

საიუბილეო ღონისძიების დასკვნით ეტაპზე საზოგადოების წინაშე წარდგა მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ლარა ფაბიანი. მან პირველად ჩვენს რეგიონში, სპეციალურად „ვახტანგ ფხაკაძის საქველმოქმედო ფონდისთვის“ სოლო კონცერტი გამართა. ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე, ასევე, წარდგნენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ნინო ქათამაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“ და სხვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here