„თბილისის ზაფხულის საღამოს ჯაზზე მეტად არაფერი უხდება“ – „ზაფხულის ღამის ჯაზის“ სამდღიანი ზეიმი

0
330

ფესტივალი, „ზაფხულის ღამის ჯაზი“, რომელიც „არტოს ბაღში“ სამი დღე გაგრძელდა, ნამდვილი ზეიმი იყო არამხოლოდ ქართველი მუსიკოსებისთვის, არამედ თბილისის სტუმრებისა და ტურისტებისთვის.

16 ივნისს, „არტოს ბაღში“ მისულებს  საოცარი გარემო დახვდათ. მათ შეეძლოთ,  სხვადასხვა ხელოვანებისა და მხატვრების მიერ დამზადებული აქსესუარებისა და ნახატების შეძენა.

ბილეთებიდან შემოსული თანხით 25 წლის მუსიკოსს, ვახო კაკულიას დაეხმარებიან, რომელსაც ხელის პროთეზი სჭირდება.

„მართალია, ოჯახმა გარკვეული თანხის შეგროვება მოახერხა, მაგრამ არა სრულად, ამიტომ ზაფხულის ყველა კონცერტი, რომელსაც ჩვენ მოვაწყობთ, სწორედ ვახოს დასახმარებლად იქნება.

მან შექმნა უამრავი საინტერესო კომპოზიცია და იმედი მაქვს, ჩვენი დახმარებით მოახერხებს პრობლემის სრულად მოგვარებას“. – აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორმა  მარინა სალუქვაძემ.  

ფესტივალში 100-მდე მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა. 

„ზაფხულის ღამის ჯაზი“ მაია ბარათაშვილმა გახსნა, რომელმაც „მიუზიკ ბოქსთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს ფესტივალი და მასში მონაწილეობას ყოველთვის დიდი სიამოვნებით იღებს.

„ეს არის ძალიან დიდი, სამდღიანი დღესასწაული, სადაც აუდიო, ვიზუალური და ემოციური ენერგოინფორმაციის გაცვლა ხდება. ფესტივალზე ძალიან ადვილად შეიძლება იმის გაგება, თუ სად დგას დღეს აქ მონაწილე თითოეული მონაწილე და ზოგადად ჯაზი საქართველოში რა მიმართულებით ვითარდება. მოვუსმინეთ, როგორც გამოცდილ მუსიკოსებს, ასევე ახალბედა მუსიკოსებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჯაზი, რომლის საზღვრებიც ძალიან გაფართოვდა, ბევრ მიმართულებას იძენს. 

ფესტივალის მონაწილეთა რიცხვი ნელ-ნელა იზრდება, რაც ძალიან კარგია. 

თბილისის ზაფხულის საღამოს ჯაზზე მეტად არაფერი უხდება და უნდა აღვნიშნო, რომ ადგილიც არაჩვეულებრივად არის შერჩეული. ვფიქრობ, ეს ფესტივალი სულ უნდა ჩატარდეს და ვისურვებდი, რომ ის სულ ცოტა ერთკვირიანი მაინც იყოს. სამი დღე ასეთი ფესტივალისთვის ცოტაა. რადგან როგორც ვხედავთ, ეს არის ძველი მეგობრების შეხვედრის ადგილი. თბილისელების შეხვედრის ადგილი, რომლებსაც უყვართ თავიანთი ქალაქი“. – ამბობს მაია ბარათაშვილი „მიუზიკ ბოქსთან“ საუბარში. 

ფესტივალის ერთ – ერთი ორგანიზატორი ზაზა მარჯანიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ წელს „ზაფხულის ღამის ჯაზის“ ჩატარებას ბევრმა რამემ შეუწყო ხელი, მათ შორის ამინდმა.

„ძალიან გახარებულები ვართ, თბილისის მერიადან დაწყებული, ამინდით დამთავრებული ყველაფერმა გაგვიმართლა და ყველაფერმა ხელი შეგვიწყო ,რომ ფესტივალი კარგად ჩატარებულიყო. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს.  ყველა მუსიკოსი მოდის და მადლობას გვიხდის იმ ყველაფრისთვის, რაც ერთად გავაკეთეთ. მუსიკოსებს მიეცათ საშუალება, რომ გამოსულიყვნენ და გაეკეთებინათ არა შეკვეთილი, არამედ თავიანთი მუსიკა ეჩვენებინათ ხალხისთვის. 

თბილისის საღამოს ნამდვილად უხდება კარგი ამინდი და კარგი საღამო. პლეხანოვზე დავიბადე და გავიზარდე და ქუჩაში რომ მივდიოდი, ერთი ფანჯრიდან მოცარტი მესმოდა ვიოლინოზე შესრულებული, მეორედან ბახი, რომელსაც ფორტეპიანოზე ასრულებდნენ. ასეთი უბანი იყო პლეხანოვი და ჯაზით თუ კიდევ გავაცოცხლებთ ამ უბანს, ძალიან კარგი იქნება და გამიხარდება“. – ამბობს ზაზა მარჯანიშვილი.

ფესტივალი ნინო ქათამაძის გამოსვლით დასრულდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ „ზაფხულის ღამის ჯაზში“ ყალბი არაფერი ხდება, ამიტომ მას გაფრთხილება სჭირდება. 

„საოცარი ფესტივალია, რადგან ქართულ მუსიკას ემსახურება. ემსახურება მუსიკოსებს, რომლების მსოფლიო მუსიკოსების ტოლი და სწორი არიან. საოცარია მათი მოსმენა, რომლებიც კოსმოსური სიჩქარით ვითარდებიან და რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ. 

ფესტივალს ბევრი უცხოელი მსმენელი ჰყავს, რადგან თავად მარინა და ზაზა, ვინც სულისჩამდგმელები არიან ფესტივალის, ღია არიან,  დიდი ხანია აქვთ კლუბი „ზაზანოვა“. თუ მუსიკის მოსმენა, ან  დაკვრა გინდა, ყოველთვის მათთან მიდიან. „ზაზანოვა“ ერთგვარი ისტორიაა, რომლის ირგვლივაც აშენებულია ფესტივალი. არაა ადვილი ბევრი მუსიკოსის მიერ ფესტივალის დაორგანიზება, მაგრამ ეს ამ საოცარ ადამიანებს გამოსდით . მე მათი მადლიერი ვარ და და მიხარია, რომ ვმონაწილეობ ამ ფესტივალში“. 

ჩემი აზრით, ჯაზს თბილისიც და „არტოს ბაღიც“ საოცრად უხდება. აქ საოცარი მსმენელი მოდის, ვისაც არ უყვარს თავისუფალი მუსიკა, ამ სივრცეში შეხვდებით. ფესტივალი განსაკუთრებულია თავისი სტუმრებით. აქ ყალბი არაფერია. ეს ურთიერთობები ძალიან გულწრფელია და ამიტომ ძალიან გასაფრთხილებელია.“ – ამბობს ნინო ქათამაძე „მიუზიკ ბოქსთან“ .

„ზაფხულის ღამის ჯაზის“ ერთ -ერთი  ორგანიზატორი მარინა სალუქვაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ქართველ მუსიკოსებს ბევრი ტურისტი უსმენს, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია. 

„ფესტივალი არის არამარტო მუსიკის, არამედ ერთობის ზეიმი. ქართველი ფანტასტიკური მუსიკოსები არიან სცენაზე და ტურისტები უსმენენ.  ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ უცხოელი შემსრულებლები ჩამოდიან  და მათ ვუსმენთ. აქ პირიქითაა. ფაქტია, გვყავს მუსიკოსები, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ სცენას დაამშვენებენ. აქ არის მეგობრობა, სიხარული, ხალისი. ამ ფესტივალზე ყოველთვის პოზიტიური განწყობა არის ხოლმე. 

მოვისმინე შეფასება, რომ სამი დღე ცოტაა ასეთი საღამოებისთვის. დანარჩენი დღეები აბსოლუტურად იგივე ხდება „ზაზანოვაში“. ფესტივალი დაიწყო „ზაზანოვადან“, რომელიც მუსიკოსებითვის სახლია. იქაც ზუსტად იგივე ხდება, ოღონდ უფრო პატარა მასშტაბით“. – ამბობს „მიუზიკ ბოქსთან“ საუბარში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here