დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა

0
21
ვახტანგ მაჭავარიანი
ვახტანგ მაჭავარიანი

დირიჟორი, კომპოზიტორი და მუსიკოსი ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ახლობლები ავრცელებენ. ხელოვანი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მწუხარებას გამოთქვამს დირიჟორისა და კომპოზიტორის ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალების გამო და მაესტროს ერთგულებისა და გაწეული ღვაწლისთვის მადლობას უხდის.

„გარდაიცვალა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საპატიო დირიჟორი, საერთაშორისო აღიარების ქართველი მუსიკოსი, ჩვენი ძვირფასი უფროსი მეგობარი, მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი.

1996 წლიდან ბატონი ვახტანგი გახლდათ ჩვენი ორკესტრის მთავარი დირიჟორი, 1998–2004 წლებში კი სამხატვრო ხელმძღვანელი.

მადლობა მაესტროს იმ დიდი ღვაწლისთვის, რომელიც მან ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის გადასარჩენად გასწია. მადლობა მას სიცოცხლის ბოლომდე ერთგულებისა და გვერდში დგომისთვის“.

„მიუზიკ ბოქსი“ მწუხარებას გამოთქვამს ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს.