როგორ გაუმკლავდა 8 წლის ბავშვი მანქანის დარტყმით მიღებულ ტრავმებს – ამ თემაზე დათი ქოქრაშვილის დედამ „ფორმულას“ გადაცემაში „ნამდვილი ამბავი“ ისაუბრა და ხალხს თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„მე ცნობილი ვარ, როგორც დათის დედა, მაგრამ ვარ სამი შვილის დედა, ამბობს ქრისტინე მამუკაშვილი. შარტავას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევამდე ოჯახი ჩვეულებრივ ცხოვრობდა, მაგრამ მომხდარმა მათი ყოველდღიურობა რადიკალურად შეცვალა.
„ქრისტინე ჰყვება, რომ მისი მეუღლე ხუთი წლის განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა. მერე გადაწყვიტეს, რომ თვითონაც ამერიკაში უნდა წასულიყო. ქრისტინე ორი თვის წასული იყო ამერიკაში, როდესაც თბილისში დაბრუნება მოუწია.
„სულ მირეკავდა და მეუბნებოდა დათი, რომ ჩამოვსულიყავი, რადგან უჩემოდ ვერ ძლებდა, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მაინც „ჩამომიყვანა“. – ამბობს ქრისტი.
მომხდარის შემდეგ დათის რთული პერიოდი ჰქონდა, თუმცა რთული დღეები წარსულში დარჩა.
„დათი თვითონაც მიხვდა, რომ ფეხში არ არის ბედნიერება. რეაბილიტაციის პერიოდი გერმანიაში გავიარეთ, ავარჯიშებდნენ. უკვე როდესაც ფეხზე შეძლო დადგომა, თვითონაც სხვანაირად განეწყო, თითქოს დეპრესიაც მოეხსნა. ჯერ პირველი სიხარული იყო ის, რომ დავჯექით, საოცარი განცდა იყო, ბავშვმა იტირა, ახლა მივხვდი, რას ნიშნავს სიხარულის ცრემლებიო. მერე უკვე ფეხზე რომ დადგა, ეს კიდევ უფრო დიდი სიხარულის მომტანი იყო დათიკოსთვის.
შემდეგ დამზადდა პროთეზი, თუმცა ვერ ვხმარობთ, ძალიან მძიმეა, მტკივნეულია ამის ჩაცმაც კი. ახლა ამერიკაში წასვლას ვგეგმავთ, გვინდა იქ სპეციალისტებს ვაჩვენოთ ეს პროთეზი, იქნებ რაღაც უკეთესი ვარიანტი შემოგვთავაზონ და შეგვიცვალონ.
ეს გზა, რაც გავიარეთ, ურთულესი იყო. ფსიქოლოგიური ჩავარდნები გვაქვს ხოლმე, მაგრამ მე სულ ვეუბნები, რომ ასე არ შეიძლება, ხომ არ გინდა მთელი ცხოვრება ეტლში იჯდე, ხომ უნდა ადგეს.. აღარ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ მაინც და მაინც პროთეზი ჩავაცვათ და ამით იაროს. უბრალოდ მინდა დავინახო ჩემი შვილი ფეხზე დამდგარი ყავარჯნებით, სხვა რამეზე აღარც ვოცნებობ.“ – ამბობს ქრისტინე მამუკაშვილი.