დუეტმა „ჯორჯიამ“ და ნინი ბადურაშვილმა ახალი სიმღერა, „ღიმილს ნუ მალავ“ ჩაწერეს. ეს მათი პირველი დუეტია, თუმცა გეგმავენ მომავალში სხვა მათი ერთობლივი ნამუშევარი შესთავაზონ მსმენელს. მაკა ზამბახიძემ და რატი დურგლიშვილმა „მიუზიკ ბოქსის“ კითხვებს უპასუხეს.

მაკა ზამბახიძე:
სიმღერა რატიმ დაწერა. თავდაპირველად გეგმავდა, თვითონ შეესრულებინა. მერე გეგმები შეიცვალა. ნინი კონცერტს გეგმავდა და უნდოდა, ახალი სიმღერა შეგვესრუებინა. მაგრამ ეს კონცერტი რაღაც მიზეზის გამო გადაიდო. მარტში დუეტ „ჯორჯიას“ კონცერტი გაიმართა ფილარმონიაში და მაშინ შევასრულეთ პირველად დავით მაზანაშვილის ორკესტრთან ერთად, სიმღერა ძალიან ლამაზი გამოვიდა.
რატი დურგლიშვილი:
პატარა ისტორია ყველა ჩემ სიმღერას აქვს. ამ სიმღერასაც აქვს თავისი ისტორია. ტექსტი ავაგე ბავშვობის მოგონებაზე. 90-იანი წლების, მეოცნებე თაობა ვართ. „გვერდით რომ მიზიხარ, მაშინაც მენატრები“ – ჩემი ასაკის ადამიანები ალბათ გაიხსენებენ მსგავს ამბებს, ჩვენ ფანჯარასთან წვიმის წვეთებს ვითვლიდით. უშუქობის პერიოდში როგორ უყვარდათ გოგოსა და ბიჭს ერთმანეთი, ისეთი სიყვარული მაქვს აღწერილი ამ სიმღერაში. სხვადასხვა ადგილას არიან, მაგრამ მაინც ენატრებათ ერთმანეთი. დღეს სხვანაირად უყვართ და სხვანაირად არის სიყვარული გამოხატული. მე მაინც ის ძველი სიყვარული მიყვარს.
მაკა:
მაშინ სხვანაირად გულწრფელად და ფაქიზად გამოხატავდნენ გრძნობებს.
რატი:
ამ სიმღერასთან დაკავშირებით მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბორიკო შხიანს, არანჟირების ავტორს. გიგა კუხიანიძეს, ვის სტუდიაშიც ჩაიწერა სიმღერა. რაც მთავარია ჩვენს ნინის. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს არქივში მასთან ერთად შესრულებული სიმღერა იქნება.
მაკა:
ერთად რომ შევიკრიბებით აუცილებლად ვიმღერებთ და დარწმუნებული ვარ, მსმენელი და დამსწრე საზოგადოება დიდ სიამოვნებას მიიღებს.
რატი:
მადლობა ნინის, რომ ნდობა გამომიცხადა, როგორც ავტორ- შემსრულებელს.
გაგრძელდება თქვენი თანამშრომლობა?
-ჩვენ „ვაძალებთ“ ეკა კახიანს და ნინის გააკეთონ ფილარმონიის დის საკონცერტო დარბაზში საღამო. თუ ასე მოხდა, აუცილებლად ახალ სიმღერაზე ვიფიქრებთ.
რატი, შენი ახალი სიმღერა სიყვარულზეა, შეგიძლია გვითხრა, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
მაკა:
რატის ძალიან უყვარს სამშენებლო მასალები.
რატი:
მაკა მეუბნებოდა, რომ სახლი გამეყიდა. არ შეიძლება, ასე ხუთი წელი ადამიანი მოგვტაცაო. როცა პლინტუსზე ფიქრობ, შემოქმედებაზე ვეღარ ზრუნავ.
მაკა:
როგორ ფიქრობთ, რას სქროლავს ტელეფონში მუდმივად? ხეს როგორ ჭრიან, ბეტონს როგორ ასხამენ და ა.შ.
რატი:
ზოგადად რაღაც ახლის შექმნაზე ვგიჟდები, ისე მომწონს. სახლის რემონტით შეიძლება ვთქვა, რომ შეუძლებელი შევძელი. სხვას რომ მოეყოლა ეს ყველაფერი, არ დავიჯერებდი. მაგრამ დავიჯერე, რომ ერთმა ადამიანმა თუ მოინდომე, მართლა მთას გადადგამ. რადგან ეს გავაკეთე და რეალიზება მოვახდინე ჩემი ნიჭის და იდეების, ახლა შემდეგი ოცნება მაქვს. მინდა, ავტომობილი შევქმნა. მანამდე კი ძალიან მინდა სახლი-ავტობუსი მქონდეს. მინდა ძველი ავტობუსი ვიყიდო და გავარემონტო. მაკას ამ ჩემი იდეებით ვამწარებ. მეჩხუბება, შემოქმედებაზე აღარ ზრუნავო. მოკლედ, დიდი ომი გვაქვს.
„ღიმილს ნუ მალავ“ რადიოპრემიერა