თბილისის „დინამოს“ ყოფილი მეკარე, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი დავით გოგია „სარბიელის“ პოდკასტს სტუმრობდა. ვეტერანმა ფეხბურთელმა გაიხსენა გარდაცვლილი მეუღლე, ცნობილი მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე.
დავით გოგიამ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს ის მეუღლის სამსახიობო კარიერის წინააღმდეგი იყო.
„მხიარული რომანი”, “მოიტაცეს თამარ ქალი”, “მეთექვსმეტე გაზაფხული”, სატელევიზო ფილმი – ეს არის ხათუნას შესრულებული როლები. ბევრი ლაპარაკობს, რომ მე ვიყავი წინააღმდეგი მისი სამსახიობო კარიერის, ეს არ არის სიმართლე. ხათუნა ჰოროსკოპით იყო ლომი, თან გურული ქალი, არასოდეს არავის გავლენის ქვეშ არ მოექცეოდა…
საჯაროობა არ უყვარდა. რომ მოდიოდნენ ჟურნალისტები, უარს ამბობდა. “მხიარული რომანი” რომ გადაიღეს, სანამ გამოვიდოდა ეკრანზე, ფილმის სანახავად წავედით დედამისი, ხათუნა და მე. იმის შემდეგ ხათუნას ის ფილმი არც ეკრანზე უნახავს და არც ტელევიზორში…
ვერ ინატრებს ადამიანი, იმდენი დადებითი თვისებები ჰქონდა ხათუნას, ვერ ჩამოთვლი. თვითონ სულ იძახდა, ჩემი ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ ვარ ჯიუტიო. ის დაბადებული იყო ოჯახისთვის, იმისთვის, რომ შვილს, შვილიშვილებს მოფერებოდა, მოევლო, ყველას ყველაფერს გაუკეთებდა. სერგო კოტრიკაძის ძმისშვილი იყო. სერგო, ალიოშა (ალიოშა კოტრიკაძე – ხათუნა კოტრიკაძის მამა – ავტ.) და ხათუნა ძალიან ჰგვანან ერთმანეთს…“




