საკონკურსო ფილმები, ქართული კლასიკა და კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ – ბათუმი მეოთხე დღეა, მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალს მასპინძლობს

საკონკურსო ფილმები, ქართული კლასიკა და კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ –  ბათუმი მეოთხე დღეა მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალს მასპინძლობს. დღეს ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. მისი ფილმი „მთვარე მამაა ჩემი“ 21 სექტემბერს ბათუმის დარამატულ თეატრში იყო წარმოდგენილი.

ფესტივალის ფარგლებში ასევე იყო ნაჩვენები ცნობილი პოლონელი რეჟისორის, „ოსკარი“-ს სამგზის ნომინანტისა და ევროპის კინოაკადემიის ყოფილი პრეზიდენტის აგნეშკა ჰოლანდის ფილმი „ფრანცი”. როგორც რეჟისორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბედნიერია, რომ საქართველოში მისი ბოლო ფილმის ჩვენება გაიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი მაყურებელი სათანადოდ შეაფასებს მას. “ანჯეი სლოვიცკი და სხვა მეგობრები, რომლებიც ამ ფესტივალის მხარდამჭერები არიან, ხშირად მიყვებოდნენ ბათუმის კინოფესტივალზე. მართლაც შესანიშნავი ადგილია ფილმის წარსადგენად და კინემატოგრაფებთან შესახვედრად”,-აღნიშნა აგნეშკა ჰოლანდმა, რომელმაც ქართულ კინოს მიმართ დამოკიდებულება აღნიშნა და ლევან კოღუაშვილის “გურია”-ს ჩვენებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ფილმმა ის წარსულში ამოგზაურა, განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია და, ამავდროულად, ივან პასირის და მილოშ ფორმანის ფილმებიც გაახსენა. აგნეშკა ჰოლანდს კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბათუმის ფესტივალის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

ფესტივალზე ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის და ფილმის “გურია” გადამღები ჯგუფის შეხვედრა გაიმართა მედიის წარმომადგენლებთან. კინოფესტივალის გახსნის დღეს ახალი ფილმის წარდგენისას, როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ის განსაკუთრებით ღელავდა, თუ როგორ მიიღებდა “გურია”-ს ქართველი მაყურებელი. ვენეციის და ბათუმის ფესტივალების ემოციური საპრემიერო ჩვენების შემდეგ, ლევან კოღუაშვილი თბილისურ პრემიერას და მაყურებელთან შეხვედრას ელოდება.

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქ.ბათუმის მერია, “ქართული ფილმი”, საქართველოს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში.

8 საფესტივალო დღის განმავლობაში ბათუმი 100-მდე ფილმის ჩვენებას უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა მოიცავს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. ფესტივალის ფარგლებში კინოს მოყვარულებს აქვთ შესაძლებლობა იხილონ ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმები, ქართული ანიმაციები.

ფესტივალის დახურვის ცერემონია 26 სექტემბერს გაიმართება. კონკურსში გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების შემდეგ კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდოები ბრიტანელ პროდიუსერს მაიკ დაუნის და ქართველ რეჟისორს თემურ ბაბლუანს გადაეცემათ.

სპონსორები: ,,იელთი ჯგუფი’’, სასტუმრო ,,ლე მერიდიენ ბათუმი’’, სასტუმრო ,,ჰემპტონ ბათუმი’’,კინოთეატრი ,, კავეა გრანდ მოლი’’,კომპანია ,,კონფერენს ჯგუფი’’,კომპანია ,,ნაბეღლავი, ,,ივერია ბიჩი’’, სოფიე ბაკურიძეს სტუდია.

საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’, ტელეკომპანია ,,იმედი’’,ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა ,,The Messenager’’, ,,Georgia Today’’-ინგლისურენოვანი მედია, რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა’’, ,,არეალ მედია’’, ,, Billboard Georgia’’,საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ ტაიმი’’, საინფორმაციო სააგენტო ,,აიპრეს ჯი’’, ,,პალიტრა ნიუსი’’, საინფორმაციო პორტალი ,,ამბები ჯი’’, Film New Europe (FNE) კინოინდუსტრიის საერთაშორისო მედიაპლატფორმა, Cineuropa – ევროპული კინოს საერთაშორისო მედიაპლატფორმა.

Scroll to Top