ბათუმში საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი მეოცედ გაიხსნა

ბიაფი

ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმის “გურია” ჩვენებით გაიხსნა. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში  ფესტივალის გახსნის ღონისძიებას ქართული და ევროპული კინოს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე მიხეილ კიკნაძე, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ბლიაძე, ფესტივალის ორგანიზატორები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ფილმის “გურია” ქართულ პრემიერას ლევან კოღუაშვილი და გადამღები ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ბათუმის კინოფესტივალთან წლებია თანამშრომლობს. “საერთაშორისო ფესტივალების ქართული ფილმით გახსნა ძალიან კარგი ტრადიციაა. მოხარული ვარ,  რომ ჩვენი ფილმის ჩვენება ქართველი მაყურებლის წინაშე პირველად ბათუმში ხდება. მინდა პატივისცემა გამოვხატო გიორგი გოგიბერიძისა და მისი მეგობრების მიმართ, ვინც დააფუძნეს ფესტივალი, რომელიც ყოველს წელს უფრო და უფრო ვითარდება”,-აღნიშნა ლევან კოღუაშვილმა.

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის  მიხეილ კიკნაძის განცხადებით, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი საუკეთესო პლატფორმაა ქართული კინოინდუსტრისს განვითარებისთვის. “ბათუმში გაიხსნა კინოფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული ისე უცხოური ფილმები. ეს არის კარგი პლატფორმა როგორც ქართული  კინოინდუსტრიისთვის, ისე ქართული კულტურისთვის. წელს ფესტივალს 20 წლის იუბილე აქვს. მინდა მივულოცო ფესტივალის ორგანიზატორებს ეს თარიღი და წარმატება ვუსურვო მონაწილეებს”,-აღნიშნა მიხეილ კიკნაძემ.

ფესტივალის ორგანიზტორებს საიუბილეო თარიღი მიულოცა აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ. მისი სიტყვებით, “სასიამოვნოა, რომ უმაღლესი დონის ფესტივალი, რომელიც ქართული ინდუსტრიის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, უკვე ოცი წელია ტარდება. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ახალი ეტაპის დასაწყისი. ფესტივალი კიდევ უფრო გაფართოვდება და მსოფლიო კინოვარსკვლავების  თავშეყრის ადგილი გახდება”.

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა ცნობილი პოლონელი რეჟისორი, „ოსკარი“-ს სამგზის ნომინანტი და ევროპის კინოაკადემიის ყოფილი პრეზიდენტი აგნეშკა ჰოლანდი, რომელსაც კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქ.ბათუმის მერია, ქართული ფილმი, საქართველოს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ბლიაძის თქმით, ბათუმის კინოფესტივალი 20 წლის იუბილეს ძალიან საინტერესო პროგრამით აღნიშნავს, მათ შორის წარმოდგენილი იქნება უახლესი ფილმების კოლექცია, ეროვნული კინოცენტრის მიერ აღგენილი შედევრები და ანიმაციური ფილმები. “ეს ფესტივალი კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია ქართული კინოსთვის და ვამაყობთ, რომ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი საქართველოს და აჭარის კულტურის სამინისტროებთან ერთად ამ დიდებული ინიციატივის ერთ-ერთი მხარდამჭერია:, განაცხადა მამუკა ბლიაძემ.

კინოფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა ხალვაში საიუბილეო ფესტივალის მასშტაბს და მრავალფეროვნებას აღნიშნავს. “წელს ჩვენ გვაქვს 20 წლის იუბილე და ამიტომ ვეცადეთ უფრი მასშტაბური ფესტივალი გაგვეკეთებინა. გავზარდეთ საჩვენებელი ადგილები, საკონკურსო და არასაკონკურსო ჩვენებები. წელს სიახლე გვაქვს და პროგრამაში პატარა მაყურებლისთვის ქართული ანიმაციის ჩვენებაც გავითვალისწინეთ, ასევე გვექნება ქართული კინომემკვიდრეობის წარდგენა ზღვის სანაპიროზე”,-დასძინა მან.

8 დღის განმავლობაში ბათუმი კიდევ ერთხელ კინოს ქალაქად იქცევა და ქალაქის ოთხ სხვადასხვა სივრცეში 100-მდე ფილმის ჩვენებას უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა მოიცავს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. ფესტივალის ფარგლებში კინოს მოყვარულებს ექნება შესაძლებლობა იხილონ ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმები. ამასთან, წელს პირველად ნორჩი მაყურებლისთვის ნაჩვენები იქნება აღდგენილი ქართული ანიმაციები, რაც ახალ თაობას ქართული ანიმაციის კლასიკასთან შეხვედრის შესაძლებლობას მისცემს. ასევე წელს პირველად კინოჩვენება დაგეგმილია ზღვის სანაპიროზე.

ფესტივალის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების ჟიურის ფრანგი კინო და ტელე პროდიუსერი კრისტიან ბაუტე, ხოლო საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის ბულგარელი კინორეჟისორი და სცენარისტი სოფია ზორნიცა უხელმძღვანელებენ. წელს ფესტივალს დაემატება ორი ახალი ჟიური – ქართველ კინო კრიტიკოსტთა ჟიური, რომელიც რჩეულ ფილმს ოლღა (ლალა) თაბუკაშვილის სახელობის პრიზს გადასცემს და ახალგაზრდული ჟიური, რომელიც რჩეულ ფილმს გიორგი გოგიბერიძის სახელობის პრიზით დააჯილდოებს.

ფესტივალის დახურვის ცერემონია 26 სექტემბერს გაიმართება. კონკურსში გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების შემდეგ კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდოები ბრიტანელ პროდიუსერს მაიკ დაუნის და ქართველ რეჟისორს თემურ ბაბლუანს გადაეცემათ.

ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო,  საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქ.ბათუმის მერია, ქართული ფილმი, საქართველოს ეროვნული არქივი,იტალიის საელჩო საქართველოში.

სპონსორები: ,,იელთი ჯგუფი’’, სასტუმრო ,,ლე მერიდიენ ბათუმი’’, სასტუმრო ,,ჰემპტონ ბათუმი’’,კინოთეატრი ,, კავეა გრანდ მოლი’’,კომპანია ,,კონფერენს ჯგუფი’’,კომპანია ,,ნაბეღლავი, ,,ივერია ბიჩი’’, სოფიე ბაკურიძეს სტუდია.

საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’, ტელეკომპანია ,,იმედი’’,ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა ,,The Messenager’’, ,,Georgia Today’’-ინგლისურენოვანი მედია, რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა’’, ,,არეალ მედია’’, ,, Billboard Georgia’’,საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ ტაიმი’’, საინფორმაციო სააგენტო ,,აიპრეს ჯი’’, ,,პალიტრა ნიუსი’’, საინფორმაციო პორტალი ,,ამბები ჯი’’, Film New Europe (FNE) კინოინდუსტრიის საერთაშორისო მედიაპლატფორმა, Cineuropa – ევროპული კინოს საერთაშორისო მედიაპლატფორმა.

Scroll to Top