ბათუმი-თბილისის მუსიკალური საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 25 აგვისტოს გაიხსნა

0
263

25 აგვისტოს „ღამის სერენადები“ გაიხსნა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ისაკაძემ:

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ფესტივალი გაიხსნა ულამაზეს ქალაქ ბათუმში. წელს ფესტივალს 40 წელი შეუსრულდა და მას უდიდესი ტრადიცია აქვს. მისი დაარსება უდიდესი მევიოლინის ლიანა ისაკაძის დამსახურებაა, რომელმაც პატარაობიდან საქვეყნოდ გაითქვა სახელი. 14 წლისას ევროპაში უნიკალური უწოდეს, რასაც მოჰყვა არაერთ კონკურსში გამარჯვება, თანამშრომლობა უდიდეს მუსიკოსებთან და ორკესტრებთან.  ლიანა არის არაჩვეულებრივი, თვითმბადი, ძალზედ უკომპრომისო შემოქმედი. მან მთელი ცხოვრება მუსიკას და საყვარელ საქმეს მიუძღვნა, არაერთი მსმენელი გააბედნიერა. „ღამის სერენადების“ ასეთი ხანგრძლივი ისტორია ამის დასტურია.

წელს ფესტივალის სტუმრები არიან უნიკალური მუსიკოსები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გადასცემენ მომავალ თაობებს. გპირდებით, რომ ჩვენი თითოეული საღამო ნამდვილად გამორჩეული და დაუვიწყარი იქნება.

მივიღე გადაწყვეტილება, რომ ლიანა ისაკაძის წიგნი „მედიტაციები“ თავიდან გამოცემულიყო.  ეს წიგნი არის ლიანას კრედო, მისი დამოკიდებულება ადამიანებთან, ქრისტიანულ სიყვარულთან, მორალთან და შემოქმედებასთან.

საუბრის ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მხარდამჭერს – ქალაქ ბათუმის მერიას,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, საფრანგეთის საელჩოს, იტალიის საელჩოს, საფრანგეთის საელჩოსთან არსებულ ფრანგულ ინსტიტუტს და გისურვოთ მუსიკალური შთაბეჭდილებებით აღსავსე საღამოები.“

ლელა სურმანიძე, ბათუმის მერის მოადგილე:

„უკვე მრავალი წელია ბათუმურ ზაფხულს კიდევ უფრო გვილამაზებს „ღამის სერენადები“. სასიხარულოა, რომ წელს ფესტივალი იმართება შეზღუდვების გარეშე, ფართო აუდიტორიის წინაშე.

ფესტივალს რომ ასეთი მაღალი კლასი აქვს და უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, ჩვენი გენიალური მუსიკოსის ლიანა ისაკაძის უდიდესი დამსახურებაა.

დიდი მადლობა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი ისაკაძეს და ფესტივალის დირექტორს ნინა ცაგარელს, რომ ასეთ ლამაზ დღეებს გვჩუქნიან. ბათუმის მერია კვლავაც იქნება „ღამის სერენადების“ მხარდამჭერი და იმედი მაქვს, რომ ფესტივალი დაბრუნდება იქ, სადაც დაიწყო და ჩვენ გვექნება ბიჭვინთის, ბათუმისა და თბილისის „ღამის სერენადები“.

მაია ხაჯიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი

„დიდი პატივია, რომ კიდევ ერთხელ მორიგი ლამაზი ფესტივალი აქვს ბათუმს „ღამის სერენადების“ სახით. ფესტივალი, რომელიც 40 წლის იუბილეს ზეიმობს, ფესტივალი, რომელმაც თქვა განსაკუთრებული და ისტორიული სიტყვა ქართულ კულტურაში და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მთავარ სიტყვას ეს ფესტივალი კიდევ იტყვის, როცა დაუბრუნდება ჩვენი ქვეყნის იმ ულამაზეს კუთხეს – აფხაზეთს, საიდანაც „ღამის სერენადები“ დაიწყო.

ამ ფესტივალს გამოარჩევს უმაღლესი ხარისხი და სხვანაირად წარმოუდგენელია, როცა საქმე ეხება ჩვენი ვირტუოზის, გენიალური ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებულ ფესტივალს.

დიდი მადლობა ორგანიზატორებს, მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას“.

ვრცლად…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here