ტელეწამყვან ნინო თოლორდავას ოჯახში სიახლეა. ნინო და მისი მეუღლე შვილს ელოდებიან. როგორც თოლორდავამ გადაცემაში „სთორი“ ისაუბრა, ბავშვი სუროგაციის მეთოდით გაჩნდება.
ტელეწამყვანს ერთი შვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს – ამიკო 24 წლისაა, როგორც თვითონ ამბობს, ორი შვილი ჰყავს მის მეუღლეს, გიორგის, ახლა კი მათი პირველი საერთო შვილიც დაიბადება.
„ჩვენს ცხოვრებაში სიახლეა, ძალიან დიდ ბედნიერებას ველოდები, სულ რამდენიმე დღეში კიდევ ერთხელ გავხდები დედა. ჩემი უფროსი შვილი დღეს გახდა 24 წლის და კიდევ ვხდები დედა, არ ვიცი, როგორ გავიარე მთელი ეს რვა თვე.
ბავშვს ველოდებით სუროგატისგან, არაჩვეულებრივი გოგო ელოდება ჩემი და გიორგის შვილს. დიდი მოლოდინი გვაქვს, ჩვენთვის ალბათ აგვისტოში დადგება ახალი წელი.
ძალიან დიდხანს ველოდებოდით, მინდოდა შვილი, წლებია, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემთვის არ შეიძლებოდა ბავშვის გაჩენა, თუმცა ეს ბავშვი ჩნდება. ყოველ დღე ვუხდი მადლობას ღმერთს, რომ ბოლოსდაბოლოს, მე მეორეჯერ გავხდები დედა.
ამიკო რომ იყო 6-7 წლის, იქიდან მოყოლებული მინდა სულ შვილი. სულ იმედგაცრუება მქონდა. განსაკუთრებით ბოლო 6-7 წელია, არ ვიცი, როგორი ყოველდღიური მოლოდინი მქონდა, იქნებ ახლა, იქნებ, ამ თვეში… მაგრამ არ დგებოდა ეს დღე, საჭირო იყო სამედიცინო ჩარევა. მადლობა ღმერთს, რომ შესაძლებელი გახდა მიმემართა სუროგაციის მეთოდისთვის”, – ამბობს ნინო თოლორდავა.