“ჩემი ტრაგედიის შემდეგ, რამდენიმე დღე ვერ გავბედე, ეთერში დავმჯდარიყავი, ამის ძალა არ მქონდა” – ნიკოლოზ წულუკიძე

0
1005

თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე მედია აკადემიის მასტერკლასში მსმენელს საკუთარ 15-წლიან გამოცდილებას უზიარებს.

ტელეწამყვანმა თავისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი გაიხსენა და ისაუბრა, რამდენად უმძიმდა ტელევიზიაში დაბრუნება:

“როცა რუსთაველის თეატრში მოხუც ჯამბაზებზე ვმუშაობდით, ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება იყო – სასწრაფოს ვიძახებდით ხოლმე, ძალიან ცუდად იყვნენ, ზოგიერთი მსახიობი 90 წლამდე იყო. ძლივს მოდიოდნენ, ხანდახან მიხმარება სჭირდებოდათ კიბეებზე რომ ამოსულიყვნენ. ამოვიდოდნენ, დადგებოდნენ კულისებში, ზოგი წნევას იზომავდა, ზოგი ინსულინს იკეთებდა, უცებ გავიდოდნენ სცენაზე და დაფრინავდნენ. ვერ ვხვდებოდი, რა ძალა იყო, როცა სცენაზე გასვლისთანავე რაღაც ენერგია გემატება.

ამას მე მაშინ მივხვდი, როცა ჩემი ტრაგედიის შემდეგ, პირველად მომიწია ეთერში დაჯდომა. ტელევიზიაში დაახლოებით ერთ კვირაში მივედი, მაგრამ რამდენიმე დღე ვერ გავბედე, ეთერში დავმჯდარიყავი, ამის ძალა არ მქონდა.

ერთ დღეს ვთქვი, 26 მაისი იყო, დღეს თუ არ დავჯდები ეთერში, აღარასოდეს დავჯდები-მეთქი. რომ დაიწყო მუსიკა, რომელიც დამოკლეს მახვილივით არის, ან გადაგსრესს ან გადარჩები, უცებ მოვახერხე მობილიზება და დავიწყე. როცა დავიწყე საუბარი, მივხვდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გადავლახე, რომ მე შევძლებდი ჩემი საყვარელი საქმის გაგრძელებას. ეს ძალა, პატივისცემა, დამოკიდებულება მაყურებლისადმი, ყველაზე დიდი სირთულეების გადატანაში გეხმარება. თუ ეს დამიკიდებულება, სიყვარული ორმხრივია და მაყურებლის ამ დამოკიდებულებას ყველგან გრძნობ, წინ აღარ არსებობს არანაირი ბარიერი”, – აღნიშნავს ნიკოლოზ წულუკიძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here