ქართული სტანდარტებით გვიან გავთხოვდი, 35 წლის… – ეკა ჩხეიძის ქალიშვილი და ჟანრი ლოლაშვილის ვაჟი დაქორწინდნენ

გადაცემაში „მეხუთე ელემენტი„ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ეკა ჩხეიძის ქალიშვილი, დიზაინერი ინანო მუშკუდიანი ჟანრი ლოლაშვილისა და თათული დოლიძის ვაჟს, გიორგი ლოლაშვილს გაჰყვა ცოლად. წყვილი შარშან დაქორწინდა, თუმცა ამბავი არ გახმაურებულა.

„ხელი მოვაწერეთ, მეგობრების წრეში. არ გვინდოდა დიდი ქორწილი. უცებ გადავწყვიტეთ რამდენიმე მეგობრის შეკრება და უფრო წვეულება იყო, ვიდრე ქორწილი…

ყველას გაუკვირდა, იმიტომ რომ არასდროს მდომებია. მერე უკვე ნერვიულობდა ეკა… ქართული სტანდარტებით გვიან გავთხოვდი, 35 წლის…

მე და გიორგიმ ერთმანეთი დაახლოებით ოთხი წლის წინ, მადრიდში გავიცანით. იმის მერე გვქონდა დისტანციური ურთიერთობა – ჩამოდიოდა, მიდიოდა, იმიტომ რომ ვიზის პირობებიდან გამომდინარე დიდხანს ვერასდროს ჩერდებოდა. მეც არასდროს მქონდა საშუალება, რომ თბილისში ჩამოვსულიყავი. ურთიერთობის დასაწყისიდანვე სულ ასე ვიყავით. სამ თვეში ერთხელ, ერთი თვით ვნახულობდით ერთმანეთს.

ქორწინების შემდეგ მოვახერხეთ, რომ ტექნიკური საკითხი გადაგვეჭრა ჩვენი სიახლოვისთვის. მე სამსახურიდან წამოვედი,ვინჩენცო დეკოტისში ვიყავი დირექტორი. ვფიქრობდი, რომ უკვე საკმარისი იყო. მინდოდა, თავისუფლება მქონოდა, როცა მჭირდება ან მინდა, ცოტა ხანი თბილისში ვიყო, მერე მილანში დავბრუნდე. ეს შეზღუდულობა აღარ მინდოდა, რომ არასდროს მეცალა. ის ორი კვირაც კი, როცა შვებულება მქონდა, ტელეფონი სულ ხელში უნდა მჭეროდა, იმიტომ რომ მეილზე, ზარებზე და ყველაფერზე პასუხი უნდა გამეცა… სულ რაღაც პრობლემა იყო, რომელიც უნდა გადაგეჭრა. ბოლომდე ვერ ისვენებდი შვებულებაშიც კი.

ბოლო პერიოდში, სამსახურისგან დამოუკიდებლად რამდენიმე პროექტი გავაკეთე. თავიდან, როცა ერთ-ორ პროექტზე იყო ლაპარაკი, ვახერხებდი მაინც: სამსახურიდან სახლში მივდიოდი და თავს ვაძალებდი, ისევ კომპიუტერთან დავმჯდარიყავი, მეხაზა, მერენდერა და ასე შემდეგ. მერე მივხვდი, რომ უნდა გავრისკო, იმიტომ რომ, თუ არ გარისკავ, ასე არასდროს მოვა ვიღაც და ერთდროულად 20 პროექტს არ მოგცემს. ახლა ისე ვარ ჩამოსული, რომ ცოტა საქმეებიც მაქვს. ამის გამოც უფრო მიხაროდა თბილისში დიდხანს ყოფნა, თან მშენებლობა მიდის ერთი მაღაზიის, მეორე ახლახან დასრულდა…

საბოლოოდ გადავალთ მილანში მე და გიორგი, რომ მშვიდად ვიყოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვივლით. მეც უფრო თავისუფალი ვარ ამ მხრივ და გიორგიც, რა თქმა უნდა. ახლა ისე აღარ იქნება, რომ წლები გავიდეს და არ ჩამოვიდეს.

თბილისში თათულისთან და ჟანრთან ერთად ვცხოვრობთ, ერთი დიდი სახლია, სადაც ყველანი ერთად ვართ. მათ შორის, მე და გიორგიც ბოლო სართულზე.

ძალიან მიყვარს თბილისში ყოფნა, იმიტომ რომ ძალიან მენატრება ჩემი მეგობრები და ჩემი ოჯახი და ასე შემდეგ“, – ამბობს ინანო მუშკუდიანი.

როგორც ეკა ჩხეიძემ „ზმნასთან“ ინტერვიუში აღნიშნა შვილის ქორწილში არ ყოფილა და ეს ამბავი ფოტოებით გაიგო.

– შარშან ზაფხულში ოჯახთან ერთად პორტუგალიაში ვიყავი დასავენებლად. ინანო და გიორგი თბილისში იყვნენ. უცებ მიგზავნის ფოტოებს – დე, ხელი მოვაწერეთო. არანაირი შლეიფიანი კაბები და დიდი ქორწილების ხმაურები არ გვინდაო. თეთრი კაბა უყიდია, ხელი მოაწერეს და ბუნებაში, მეგობრებთან ერთად, გადასარევი დრო უტარებიათ. შვილის ქორწინების ამბავი ასე მესიჯით და ფოტოებით გავიგე.

– არ გეწყინათ? ასე ელოდით მის გათხოვებას და უცხოეთში ყოფნის დროს, მესიჯით რომ გაიგეთ შვილის ქორწინების ამბავი?

– არაა. როგორც უნდათ და გაეხარდებათ ისე იყვნენ. არც თათული არ ყოფილა ხელმოწერაზე და იქ, მათ მეგობრებს შორის.

– ორივე ცნობილი ოჯახისშვილია; ეტყობა, ხმაურს და ყვითელ პრესას აარიდეს თავი.

– ასე გადაწყვიტეს. და რახან სამდღიანი ქორწილი შეგნებულად არ ჰქონიათ, ამიტომაც არ გახმაურებულა ქორწინების ამბავიც. შინაურული ფოტოები ედოთ ღია ცის ქვეშ, პუფებზე, შამპანურებით ხელში. ეტყობა ვერ მიხვდნენ, რომ ქორწილი იყო.

ვრცლად იხილეთ:zmna.ge

Scroll to Top