ფესტივალი „ღამის სერენადები“  22 აგვისტოს ბორჯომში, გალა კონცერტით გაიხსნება

0
193

ფესტივალი “ღამის სერენადები“   22 აგვისტოს ქალაქ ბორჯომში, გალა კონცერტით გაიხსნება, სადაც  მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე მუსიკოსები: საბინე გროფმაიერი – კლარნეტი, გერმანია; ეილიკა ვუნში – სოპრანო, გერმანია;  გიორგი ონიანი – ტენორი, საქართველო, რიკარდო მარინელო – ტენორი, იტალია. ფესტივალის პირველ დღეს,  ჩასულ სტუმრებთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი „ბორჯომი“, ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი; გიორგი ოიკაშვილი – კლარნეტი, საქართველო; მარიამ კიკალეიშვილი – მეცო-სოპრანო, საქართველო.  სოლისტებს თანხლებას გაუწევს ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, კონცერტმაისტერი – ლელა მჭედლიძე.

 გალა კონცერტზე შესრულდება არიები ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერებიდან, ნეაპოლური სიმღერები, ინსტრუმენტული მუსიკის საყოველთაოდ აღიარებული შედევრები: იოანეს ბრამსის „უნგრული ცეკვა N 5“, დიმიტრი  შოსტაკოვიჩის „ვალსიN2“ და ა.შ. ასევე აჟღერდება ქართული მუსიკა – „ასე ჩონგური“ და ,,კუჩხიბედინერი“ ოთარ თაქთაქიშვილის ვოკალური ციკლიდან „მეგრული სიმღერები“.

საერთაშორისო ფესტივალის XV, საიუბილეო,  ცერემონია და გალა კონცერტი  სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“, 19:00 დაიწყება.

24 და 25 აგვისტოს ფესტივალი  ქალაქ ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გადაინაცვლებს.  24 აგვისტოს თეატრის სცენას დაამშვენებენ ეილიკა  ვუნში – სოპრანო, გერმანია და რიკარდო მარინელო – ტენორი, იტალია. შესრულდება ცნობილი საოპერო არიები, დუეტები, ნეაპოლური სიმღერები, ხოლო საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი კორეელი მევიოლინე ჰეიონ პარკი ქართველ პიანისტთან თამარ ლიჩელთან ერთად შეასრულებს სეზარ ფრანკის სავიოლინო სონატას.

 25 აგვისტოს საღამოზე ჰეიონ პარკი, ფესტივალის საბაზო ორკესტრის „საქართველოს ვირტუოზები“-ს თანხლებით  შეასრულებს ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტს, ასევე შესრულდება  ინგლისელი კომპოზიტორის რალფ ვოან უილიამსის „The Lark Ascending” (ტოროლას აფრენა),  თამარ ლიჩელთან ერთად .

 ფესტივალის შემდეგი სამი კონცერტი  სექტემბერში, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში,  გაიმართება.

კონცერტების პარალელურად, ფესტივალის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის გაიმართება დარგობრივი მასტერკლასები, ვორქშოპები და ღია ლექციები.

XV  საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“  22 აგვისტოდან  24 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო  ხელმძღვანელი – გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე.

 ფესტივალის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში, დაგეგმილია ექვსი კონცერტი, რომლებსაც ქალაქები ბორჯომი, ბათუმი და  თბილისი უმასპინძლებს.

„ღამის სერენადები“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც არსებობის 41 წელს ითვლის. ფესტივალის შექმნის იდეა ეკუთვნის ლიანა ისაკაძეს – ქართველ მევიოლინესა და დირიჟორს, საქართველოს სახალხო არტისტს, რომელიც საუკუნის უდიდესი მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება. იგი კემბრიჯის ბიბლიოგრაფიული ცენტრის მიერ შეყვანილია XX საუკუნის 2000 გამოჩენილ მუსიკოსთა ენციკლოპედიაში (ინგლისი, 2002 წელი).

ჯერ კიდევ 1982 წელს, ლიანა ისაკაძემ, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, დაარსა საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც ზაფხულობით ბიჭვინთაში იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა, 2002 -2009 წლებში ფესტივალი ტარდებოდა ბორჯომში „ხელოვნების ზეიმის” სახელით, 2009 წლიდან კი შესაძლებელი გახდა „ღამის სერენადების“აღდგენა და ფესტივალმა შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გადაინაცვლა.

ფესტივალი არსებობის  მანძილზე არაერთ მსოფლიო დონის მუსიკოსს მასპინძლობდა, მათ შორის არიან: ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი და მრავალი სხვ.

”ღამის სერენადების“  მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში. მასპინძელი სასტუმროები: ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი. ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან “ივ როშე”, კომპანია „სარაჯიშვილი“, ძმები ხუციშვილების “ღვინის მარანი” “HOTSALE.GE”-ს პრემიუმ მიმართულება, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“ საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოსტ ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“,„ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, “ამბები.ჯი”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“ , ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.ჯი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here