ნუცა ბუზალაძე 11 მაისს ევროვიზიის ფინალში 24-ე ნომრად წარდგება

0
373

საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2024-ზე, ნუცა ბუზალაძე ფინალში გადავიდა, სადაც, კონკურსის პროდიუსერების გადაწყვეტილებით, ის 24-ე ნომრად იმღერებს.

„ჩემი ოცნება იყო, საქართველო გასულიყო ფინალში შვიდი წლის შემდეგ, ბედნიერი ვარ, – ამის შესახებ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა, ნუცა ბუზალაძემ დღევანდელი ნახევარფინალური შოუს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დიდი მადლობა ყველას, რომ მენდნენ. ვგრძნობდი ენერგიას სცენაზე. მადლობა, რომ დამაჯერეთ, რომ ოცნებები ნამდვილად ხდება. ჩემი ოცნება იყო, საქართველო გასულიყო ფინალში შვიდი წლის შემდეგ. ბედნიერი ვარ. ამაყი ვარ ჩემი ქვეყნით, საქართველოთი. ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. მინდოდა, მეჩვენებინა ის ცეცხლი, რომელიც ქართველებშია. სცენაზე ვგრძნობდი ჩემი ქვეყნიდან ენერგიას, მიყვარს ჩემი ქვეყანა. ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა ამ ნომერზე და ყველას დიდი მადლობა ასე მუშაობისთვის. როდესაც ასე მუშაობ, ეს შრომა ყოველთვის შედეგის მომტანია. ეს იყო ჩემი ოცნება“, – განაცხადა ნუცა ბუზალაძემ პრესკონფერენციაზე.

American Idol-ში მონაწილეობისა და კაილი მინოუგთან დუეტის შესახებ დასმულ კითხვაზე ნუცა ბუზალაძემ აღნიშნა, რომ American Idol-მა ის მოამზადა ევროვიზიაზე გამოსვლისთვის.

„მე ბევრს ვლაპარაკობ ოცნებებზე. ეს იყო American Idol-ის ფინალი. American Idol-ი ძალიან განსხვავდება ევროვიზიისგან. American Idol-ი არის ამერიკელებისთვის, ევროვიზია არის საერთაშორისო. American Idol-მა მომამზადა, რომ ევროვიზიაზე წარმედგინა ჩემი ქვეყანა. ორივე პროექტში დიდი შრომა ჩავდე. ამაყი ვიყავი კაილი მინოუგთან სიმღერის გამო. ესეც ოცნების ახდენა იყო – ბავშვობაში როდესაც მის სიმღერებს მღეროდი სარკესთან და შემდეგ უცებ გიწევს სცენაზე მასთან ერთად დგომა. მნიშვნელოვანია, გვჯეროდეს, რომ ოცნებები ხდება და ჩემი ცხოვრება ამის დასტურია“, – განაცხადა ნუცა ბუზალაძემ.

საქართველოს წარმომადგენელს კიდევ ერთი შეკითხვა სომხეთიდან დაუსვეს, რომლის წარმომადგენელიც ასევე მოხვდა ფინალში.

„ძალიან ვღელავდი. დიდხნიანი მეგობრობა გვაკავშირებს. თქვენ იმსახურებთ ფინალში ყოფნას. გასაოცარი იყო“, – დასძინა ნუცა ბუზალაძემ.

11 მაისს 23:00 საათზე შვედეთის ქალაქ მალმეში ევროვიზია 2024-ის ფინალი გაიმართება, სადაც საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე თავის საკონკურსო სიმღერას Firefighter-ს შეასრულებს.

საერთო ჯამში ფინალში 26 ქვეყანა წარდგება: შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი,ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.

ევროვიზიის ფინალის ხმის მიცემაში მონაწილეობს, როგორც ჟიური, ასევე მაყურებელი. ჟიურის ქულებს კონკურსის მონაწილე 37-ივე ქვეყანა გამოაცხადებს. ამავე ქვეყნებიდან შესაძლებელია საქართველოსთვის ხმის მიცემა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here