„ნეტავ, ეს ფილმი არ არსებობდეს“ – პირველი „ოსკარი“ უკრაინის ისტორიაში

ეს არის პირველი ოსკარი უკრაინის ისტორიაში. ეს ჩემთვის პატივია, მაგრამ, ალბათ, პირველი რეჟისორი ვარ ისტორიაში, რომელიც იტყვის: “ნეტავ ეს ფილმი არ არსებობდეს“, – ეს განცხადება უკრაინელმა რეჟისორმა, მესტილავ ჩერნოვმა გააკეთა, რომლის ფილმმა – „20 დღე მარიუპოლში“ – საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ მიიღო.

„ამ ჯილდოს დავთმობდი, რუსეთი რომ არასდროს დასხმოდა თავს უკრაინას, არასდროს დაეკავებინა ჩვენი ქალაქები, არ დაეხოცა ათობით ათასი უკრაინელი, არ აეყვანა მძევლები“, – აღნიშნა უკრაინელმა რეჟისორმა.

მან სიტყვა დაასრულა სიტყვებით : „დიდება უკრაინას!“

საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყო ფილმები: “ბობი ვაინი: ხალხის პრეზიდენტი”, “მარადიული მეხსიერება”, “4 ქალიშვილი“ და „ვეფხვის მოკვლა“.

ცნობისთვის, „ოსკარის“ რიგით 96-ე ცერემონია გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, წლის ფილმი კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ გახდა, მას საერთო ჯამში 13 ნომინაცია ჰქონდა და 7 ოსკარი მიიღო. მათ შორის საუკეთესო ფილმის, რეჟისორისა და ადაპტირებული სცენარის კატეგორიებში. ჯილდოები გადაეცათ ასევე კილიან მერფისა და რობერტ დაუნი უმცროსს. აღსანიშნავია, რომ ორივე მსახიობისთვის ეს პირველი ოსკარის ჯილდოა.

Scroll to Top