ევროპის ყველაზე დიდი მუსიკალური კონკურსი წელს საქართველოში ჩატარდება. 13 დეკემბერს პირდაპირ ეთერში ვიხილავთ, ვინ გახდება „საბავშვო ევროვიზიის“ მორიგი გამარჯვებული. წინა წელს ეს ტიტული ანდრია ფუტკარაძემ დაიმსახურა და რიგით მეოთხე, რეკორდული გამარჯვება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. წლევანდელი მონაწილე, ანიტა აბგარიანი გიგა კუხიანიძის საკმაოდ რთული კომპოზიციით წარდგება მაყურებლის წინაშე. მას ცნობილი პედაგოგი მანანა მორჩილაძე ვოკალში ამზადებს და fortuna.ge-ს გოგონას შესაძლებლობების შესახებ უყვება.
მანანა, რას ელოდები ანიტასგან საერთაშორისო კონკურსზე?
საერთოდ, მე არ მიყვარს, როცა ბავშვებს ზედმეტ პასუხისმგებლობას აკიდებენ ხურჯინით და ეუბნებიან, რომ აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ. ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ ეს გოგონა ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას, საოცარი სირთულის სიმღერას შეასრულებს ძალიან კარგად და ჩვენ ვიქნებით ამაყები, როცა მას მოვუსმენთ. დანარჩენი, რა და როგორ იქნება, ამას ყველა ერთად ვნახავთ. წარმატება უნდა ვუსურვოთ, ეს უფრო მეტად უნდა ვისწავლოთ, ვიდრე ბავშვებისთვის წინასწარ დავალებების მიცემა (იღიმის).




