თურქეთის პოლიციამ, ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, 14 პირი დააკავა, მათ შორის ბიზნესის, სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან ბიზნესმენები, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ყოფილი პრეზიდენტი ფიკრეტ ორმანი, საფეხბურთო კლუბ „გალათასარაის“ ყოფილი პრეზიდენტი ბურაკ ელმასი, ჰაკან და ქერიმ საბანჯები, ასევე მოდელები დიდემ სოიდანი და გუზიდე დურანი. გამოძიების ფარგლებში ასევე გაცემულია მსახიობ ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი.
გამოძიების ვერსიით, მსახიობი შესაძლოა, იმ ჯგუფის წევრი ყოფილიყო, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-გავრცელებაშია ეჭვმიტანილი.
მას შემდეგ, რაც მედიაში მისი ძებნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ჰანდე ერჩელმა სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მსახიობი განმარტავს, რომ ბოლო ერთი თვეა სასწავლო მიზნით, საზღვარგარეთ იმყოფება და მომხდარის შესახებ პრესიდან შეიტყო.
„ჩემი განათლების გამო, დაახლოებით ერთი თვეა საზღვარგარეთ ვიმყოფები. გუშინ ღამით, ისევე როგორც თქვენ, მეც პრესაში გავრცელებული ამბებიდან შევიტყვე მომხდარის შესახებ. იმისათვის, რომ საკითხს ნათელი მოეფინოს, ვბრუნდები ჩემს ქვეყანაში, გავაკეთებ საჭირო განმარტებებს და მივცემ ჩვენებას. მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და ენდობა სახელმწიფოსა და თურქულ მართლმსაჯულებას. მჯერა, რომ სიტუაცია უმოკლეს დროში გაირკვევა”, – აცხადებს ერჩელი, რითაც უარყოფს მიმალვის მცდელობას.
სტამბოლის პროკურატურის ინფორმაციით, გაცემულია 16 პირის დაკავების ორდერი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ნარკოტიკების პირადად მოხმარებაში ან ნარკოტიკების მოხმარების ხელშეწყობაში.




