„თაობა 2026“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

30 ოქტომბერს საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალის „თაობა 2026“ მეცხრე გამოშვება დახურვისა და დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. გამარჯვებული ფილმები 13+, 16+ და 18+ ასაკობრივი კატეგორიების ახალგაზრდა ჟიურის წევრებმა შეარჩიეს.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსში ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო ნიკო აგლაძის „კათარზისმა“ (საქართველო, 2026) მოიპოვა. ფილმი 13+ ჟიურის რჩეული გახდა.

სრულმეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსში ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო 16+ ჟიურიმ ჰესამ ფარაჰმანდის ფილმს „ჩემი ქალიშვილის თმა“ (ირანი, 2025) მიანიჭა.

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის „თაობის“ ჯილდო ლევან კოღუაშვილის „გურიამ“ მოიპოვა – ფილმი 18+ ჟიურის რჩეული გახდა.

„თაობაზე“ ახალგაზრდები თავად არიან ჟიურის წევრები: უყურებენ საკონკურსო ფილმებს, მსჯელობენ მათზე და იღებენ გადაწყვეტილებას, ვის გადაეცეს ფესტივალის ჯილდოები.

ფესტივალი თბილისში 25–30 ოქტომბერს გაიმართა. ექვსი დღის განმავლობაში მონაწილეები ფილმებს უყურებდნენ, განიხილავდნენ და საკუთარ რჩეულებს ირჩევდნენ. პროგრამა ასევე მოიცავდა საგანმანათლებლო შეხვედრებსა და სახელოვნებო ვორქშოპებს.

Scroll to Top