ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი 100 წლის გახდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი საღამოები საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
31 ოქტომბერს გამართულ საღამოზე, ცნობილი გახდა, რომ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი კახი სოლომნიშვილი იქნება.
აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელშიც წერს:
„ძალიან მაგარი დღე იყო ეროვნული ორკესტრის ისტორიისთვის! 100 წლის იუბილის აღნიშვნა ღია რეპეტიციით დავიწყეთ, ყველაზე ლიბერალური ანუ ადამიანური აქტით! კახი (სოლომნიშვილი), უღრმესი მადლობა ჩემო მეგობარო და აწ უკვე ჩემი წლების მანძილზე რუდუნებით ნაშენები ორკესტრის მთავარო დირიჟორო! ფეხბედნიერი ყოფილიყოს შენი მოსვლა ამ ისტორიულ პოზიციაზე, რომელსაც დიდი ქართველები იკავებდნენ 100 წლის განმავლობაში! უღრმესი მადლობა ყველა მუსიკოსს, ვინც ერთგულად ემსახურება ზაქარია და ივანე ფალიაშვილის და ევგენი მიქელაძის მემკვიდრეობას და კიდევ უფრო დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს, რადგან ისინი რომ არ გვყავდნენ ჩვენ ადრე თუ გვიან გავქრებოდით…
ბედნიერებაა მუსიკა და ბედნიერებაა ერთმანეთი რომ გვყავს, მით უფრო ამ უკიდურესად რთულ და მტკივნეულ დროში! დიდება და გამარჯვება ევროპული ღირებულებების ფლაგმან ეროვნულ ორკესტრს და საქართველოს!“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.
ცნობისთვის, უკვე საუკუნოვანი ისტორიის მქონე ორკესტრი მსმენელს არაერთ საღამოს უმზადებს. საიუბილეო წლის აღსანიშნავად 31 ოქტომბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით კონცერტების სერიაა დაგეგმილი.




