უცნაური პერფორმანსები და ბაიერების რჩეული დიზაინერები – თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი წარმატებით დასრულდა

0
119

4 დღიანი მოდური აურზაური “Rooms Hotel“-ში – თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი წარმატებით დასრულდა.

Tbilisi Fashion Week-ის გახსნის პატივი ლაკო ბუკიას ხვდა წილად. დიზაინერი, რომელიც უკვე ორი წელია რაც უცხოეთიდან ქართულ ბაზარს დაუბრუნდა, წელსაც გამორჩეული იყო ფერთა გამითა და ქსოვილის მრავალფეროვნებით.

“CHUBIKA” – ეს არის ბრენდი, რომელიც ყოველ მოდის კვირეულზე გვაოცებს მისი პერფორმასით. მისი ქუდის ხაზი, ტრანსფორმირდა და ქართული ნაციონალური “ფაფახი” დაემატა, რაც საკმაოდ საინტერესო და უჩვეულო იყო…

2016 წლის შემოდგომა/ზამთრის ამ სეზონზე ბევრი ახალი და ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი დიზაინერის ნაშრომი ვიხილეთ. აგრეთვე მონაწილეობა მიიღო უკრაინულმა ბრენდმა “Blue Flax“ – რომელმაც უკრაინულ, ნაციონალურ სტილში წარმოადგინა თავისი კოლექცია – ფერადი ყვავილებით ნაქარგი ნაჭრით.

თბილისის მოდის კვირეულის ამ სეზონზე ასევე ვიხილეთ ბევრი დებიუტანტი დიზაინერის ნაშრომი, ერთ-ერთი  მათგანი ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი სალომე ღვინიაშვილი იყო, რომელიც პოდიუმიდან ჩამოვიდა და გადაწყვიტა თავი ამ სფეროში ეცადა. დიდი ხანი ფიქრობდა მოეწონებოდა თუ არა მოდურ პუბლიკას, მაგრამ ფაქტი სახეზეა რომ საკმაოდ კარგი შეფასება დაიმსახურა მისმა კოლექციამ, როგორც ქართველ ხალხში ასევე მოწვეულ სტუმრებში…  კოლექციაში ძირითადად გამჭვირვალე შიფონი ჭარბობდა, რაც სილუეტს მეტ სექსუალურობას მატებდა.

“DALOOD“, ბრენდი, რომელიც უკვე თბილისის მოდის კვირეულს მეოთხე სეზონს იპყრობს, დიზაინერთა ჯგუფმა ამ სეზონზე თავიანთი კოლექცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოადგინეს. მაკა კვიციანის შემოდგომა/ზამთრის წლევანდელი კოლექცია არეული ფერებით, ქსოვილებითა და სტილით ნამდვილად გამორჩეული იყო. სამოსი 70-იანებისა და ახალი დროის სასიამოვნო ნაზავს წარმოადგენდა, ამიტომაც ლოკაციასაც საოცრად მოერგო ამ სამოსში ჩაცმული მოდელები…

“DALOOD“-ის კიდევ ერთმა დიზაინერმა, ანა დათუკიშვილმა თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში თავისი სადებიუტო კოლექცია წარმოადგინა და ქეჟუალთან მიახლოებული კლასიკური სტილი ერთ კოლექციაში გააერთიანა. ფერთა და ქსოვილთა მრავალფეროვნება აშკარად თვალშისაცემი იყო, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი დიზაინერმა შალსა და ნაქსოვ მასალაზე გააკეთა…

აღსანიშნავია “ინკი გოლდის“ ჩვენებაც, რადგან დიზაინერმა საბავშვო ხაზის შემდეგ ზრდასრული ადამიანისთვის შექმნა კოლექცია, რომელსაც როკ ენ როლისა და 70 -იანი წლების ჰიპური გავლენა ეტყობოდა.

სამწუხაროა ის ფაქტიც რომ “GWEN SALAKAIA“-ს და “ANOUKI“-ს სამოსის ჩვენებას ვერ დავესწარით, მხოლოდ იმ მიზეზით რომ დახურული ჩვენების გაკეთება გადაწყვიტეს და მასზე დასასწრები მოსაწვევები უბრალოდ მოკვდავთ არ ხვდათ წილად…

უკვე მეორედ, თბილისის მოდის კვირეულზე საკუთარი კოლექციის პერფორმანსის სახით წარდგენა გადაწყვიტა ირმა შარიქაძემ. ვერ გეტყვით, რატომ მაგრამ ტანგოს მოტივებზე შექმნილი კოლექციის პრეზენტაციას  ფონად ნუკრი კაპანაძის შესრულება გასდევდა. თეატრალიზებული წარმოდგენის კულმინაცია კი ირმა შარიქაძის ტანგო და ერთ-ერთი პერფორმერის მიერ თავის გადაპარსვა გახლდათ, რამაც წარმოდგენას კიდევ უფრო მეტი იდუმალება, ან თუ გინდათ გაურკვევლობა, შემატა…

ირმა შარიქაძის პერფორმანსის შემდეგ, ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა “მატერიას“ ერთ-ერთი დიზაინერის, ლიკა ჩიტაიას კოლექციამ ე.წ “ფეშენისტებზე“. აღსანიშნავია, რომ დიზაინერმა პირველად წარმოადგინა ფერადი კოლექცია და მოდის კრიტიკოსთა და უბრალოდ მოყვარულთა მოწონებაც დაიმსახურა…

ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც ლამაზი და საინტერესო სამოსი წარმოუდგინა მოდის მოყვარულებს – ეს ნინი ჭელიძეა. დიზაინერმა ახალი სიტყვა თქვა ქართული მოდის ინდუსტრიაში და მას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. რამდენიმე მოდის ბაიერმა ჩვენებიდანვე შეიძინა მისი სამოსი და ეს მხოლოდ დასაწყისია…

წელს ნამდვილად გამორჩეული სტუმრები ესწრებოდნენ მოდის კვირეულს. ჩვენი ყურადღება კი ერთ-ერთმა სტუმარმა მიიქცია, ეს უკანასკნელი პირველ დღეს ორთავიანი მელიის ბეწვით გამოგვეცხადა, რომელიც დიდი მოწიწებით ქონდა დაფენილი მხარზე… მას სალომე ღვინიაშვილის ჩვენებაზე თავის შეკავება გაუჭირდა, როცა მკერდმოშიშვლებული მოდელი დაინახა, ემოციები სასმელმა კიდევ უფრო გაუმძაფრა…

მოკლედ, თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი უკან მოვიტოვეთ. თუმცა, “ფეშენისტებს“ წინ კიდევ ერთი მოდის კვირეული ელოდებათ და ახალი საფიქრალი – რა ჩაიცვან ოთხდღიან მოდურ აურზაურზე…

გუგა ლეჟავა

ფოტოგრაფი: Vato Griffin

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here