“სტუმრებს ქართლის დედასავით დავხვდები, მტერს ხმალით და მოყვარეს ღვინის ფიალით” – ლალი მოროშკინა სკანდალურ შოუს იწყებს

0
3757

ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი, ლალი მოროშკინა, 15 წლიანი პაუზის შემდეგ ტელევიზიას უბრუდება. ის ტელეკომპანია “იბერიაზე” პოლიტიკური რეალითი შოუს”ფაბრიკას” წამყვანი იქნება. რა ტიპის იქნება ლალი მოროშკინას გადაცემა დეტალების გასარკვევად, “მიუზიკ ბოქსი” ჟურნალისტს დაუკავშირდა:

– ეს გადაცემა ახალი სიტყვა იქნება ქართული ტელევიზიაში, რადგან თავისუფლები ვართ ყველანაირი კლიშეებისგან, არ ვიქნებით დამოკიდებული ყურზე და ა.შ. ახალ სახეს ვთავაზობთ ხალხს, ჩემი თანაწამყვანის ირაკლის სახით. ის ვარსკვლავებში და ქალაქის ცენტრში არ მიძებნია. პირდაპირი მნიშვნელობით გეუბნებით, ერთი კვირის წინ თოხი ეჭირა ხელში და სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიწაზე მუშაობდა, მაგრამ უნიჭიერესი ადამიანია. თეოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები აქვს დამთავრებული, ისიც ეძებდა ბედს თბილისში, მაგრამ ვერ იპოვა და ამიტომ დაბრუნდა სოფელში. მას ვიცნობდი, როგორც კარგ ბლოგერს, ასეთი თანამეწყვილის შერჩევით, გვინდა საზოგადოებას დავანახოთ და იმედი ჩავუსახოთ, რომ მაღალ ეშელონებთან წვდომის საშუალება, მხოლოდ ცნობად სახეებს არ აქვთ. მყუდრო სახლი ავაშენეთ მე და ირაკლიმ და საინტერესო სტუმრებს ვეპატიჟებით. ეს არის ორი ადამიანის თანაცხოვრება, ქართული რეალობის ანარეკლია. ხანდახან როცა სტუმარი მოვა, შეიძლება ვქსოვდე ან სხვა საქმით ვიყო დაკავებული.

– რატომ ჰქვია გადაცემას ფაბრიკა?

– რასაც შევქმნით იქნება განსხვავებული, რა თქმა უნდა ფაბრიკული წუნიც ექნება რაღაცეებს, მაგრამ შტამპების გარეშე მოხდება ყველაფერი.

– ბევრი პოლიტიკოსი ალბათ უარს იტყვის თქვენთან სტუმრობაზე, რადგან სკანდალური და პირდაპირი ადამიანი ხართ…

– არა მგონია ასე მოხდეს. ეს იქნება საინტერესო ტრიბუნა და მის გამოყენებაზე უარს, მხოლოდ უტვინო თუ იტყვის. ყოველდღიურად ჩვენ უამრავ თოქ-შოუს ვხედავთ, მაგრამ ეს იქნება მყუდრო სახლი, ორი ადამიანის თანაცხოვრება, თავისი კამათით და ყველა დეტალით, რაც ახლავს ქართულ ოჯახებს. მივიღებთ სტუმრებს, ქართლის დედასავით დავხვდები, მტერს ხმალით და მოყვარეს ღვინის ფიალით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here