რას ურჩევს ეკო ფანგანი მანდილოსნებს?

0
4986

„ჩემმა გუნდმა როცა წააგო, მეორე დილით ადრე, ავდექი და 81 კილოიანი სიმძიმეებით ვივარჯიშე“

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, თბილისში ერთ-ერთ ულამაზეს მანდილოსნად ითვლება. ეკო „დღის შოუს“ ეთერიდან მაყურებელს, თავის მოვლასთან დაკავშირებულ რჩევებს სისტემატიურად აძლევს. ბოლო დროს ეკო ვარჯიშმა გაიტაცა, რაც მის გარეგნობაზე კიდევ უფრო უკეთესად აისახა. ტელეწამყვანი „მიუზიკ ბოქსს“ ესაუბრა:

– ეკო, რატომ გადაწყვიტეთ აქტიურად ჩართვა ჯანსაღის ცხოვრების სტილში?

– ჩემი სამსახურიდან გამომდინარე საზოგადოებას მუდმივად ვაძლევ რჩევებს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და თავის მოვლასთან დაკავშირებით. სხვადასხვა კლინიკებიდან ხშირად მაქვს სიუჟეტები, მაგრამ ყველა პროცედურას თავად არ ვიტარებ. იმიტომ რომ ბევრი ნემსებიც არ არის სასარგებლო ადამიანისთვის. რაც შეეხება ვარჯიშს, სულ მინდოდა ვარჯიშის დაწყება, მაგრამ ყოველთვის მეზარებოდა. ზაფხულში ჯერ იოგაზე დავიწყე სიარული, შემდეგ ფიტნესზე, კვირაში სამჯერ იოგაზე დავდიოდი, სამჯერ ფიტნსზე და ეს კომბინაცია ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. მიღწევებიც აღმომაჩნდა და ამის გამო უფრო მეტი სტიმულით დავიწყე ვარჯიში. მერე ზაფხული მოვიდა წავედი დასასვენებლად და დეკემბრიდან ისევ გავაგრძელე. მინდა იოგაზეც ვიარო, მაისორის სტილის ვარჯიშებზე დავდიოდი, მაგრამ სამსახურის გრაფიკიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ვერ მოვხვდი იოგის ამ ჯგუფში.


– როგორ აისახა აქტიური ფიზიკური ცხოვრება თქვენზე?

– ყველას ვურჩევ დაიწყოს აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრება. მე გასახდომად არ დამიწყია ვარჯიში. ბევრ რამეში მეხმარება ეს, სისხლი სხვანაირად მოძრაობს ორგანიზმში და სხვანაირ ტონუსში ვარ.

– პირადი მწვრთნელი გყავთ?

– კი, მყავს პირადი მწვრთნელი, ჩემი მეგობარი ოთო გვარაძე და გიორგი. ოთო სულ მეუბნებოდა ვარჯიში დაიწყეო. როცა პირველად იწყებ ვარჯიშს, ჯობია პროფესიონალის მეთვალყურეობის ქვეშ გააკეთო ყველაფერი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ტრავმების რისკი ძალიან მაღალია. ვარჯიშით სწრაფი შედეგის მიღება შეუძლებელია, მაგრამ როცა მწვრთნელს აუხსნი, რისთვის გინდა ვარჯიში, აუცილებლად მიიღებ სასურველ შედეგს. ფორმებზეც აისახება ვარჯიში, არის კუნთის მოსამატებელი და გამოსაშრობი ვარჯიშები. რასაც სპორტული კვება სჭირდება და მე ვერ ვიცავ. თუ გავხმები არ ვიცი, მე კუნთის გამოშრობა ნამდვილად არ მჭირდება.

– დიდ წონებში ვარჯიშობ?

– საკმაოდ დიდ წონებში ვვარჯიშობ. მითუმეტეს ჩემს წონასთან შედარებით. როგორც იცით, მე იტალიის ნაკრების დიდი გულშემატკივარი ვარ, ზაფხულში ჩემმა გუნდმა როცა წააგო, მეორე დილით ადრე, ავდექი და 81 კილოიანი სიმძიმეებით ვივარჯიშე.

– რა რჩევებს მისცემთ მანდილოსნებს?


– ასე რჩევის მიცემა რთულია, ვერავის ვერაფერს აუკრძალავ და აიძულებ. თვითონ უნდა გაუჩდნეს ადამიანს რაღაცის გაკეთების სურვილი. ჯანსაღი ცხოვრება კარგია. ახალგაზრდა როცა ხარ, რთულია საათობრივად კვება. ყველას ვურჩევ ნუ მოიკლავს ახალგაზრდობას, გაერთეთ, ჭამეთ, დალიეთ, იცეკვეთ, მაგრამ ამის დარეგულირება შეიძლება. კვირაში რამდენიმე დღე დაუთმონ გართობას, დანარჩენი ვარჯიშს, აუცილებელია წყლის მიღება უზმოზე. ბოლოს როცა მეკითხებიან, როგორ უვლი თავს, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, საჩუქარი გავუკეთე ჩემს თავს, ერთი წელია სოლარიუმში არ დავდივარ. ჯერ კიდევ იმ დროს დავდიოდი სოლარიუმში გატეხილი სარკეები რომ ჰქონდათ. სოლარიუმი საშინელებაა, ახალგაზრდა კანს აჭკნობს და აბერებს. კვირაში სამი დღე მაინც დავდიოდი, ათი წლის მანძილზე და კიდევ კარგი, მაინც დროულად დავასტოპე. აღარ მომწონს ზამთარში სოლარიუმის ფერები. სოლარიუმში სიარულის შედეგად,  შემეცვალა კანის სტრუქტურა, საკმაოდ კარგი კანი მაქვს და მე რომ ეს ყველაფერი არ გამეკეთენა, პატარა ბავშვის კანი მექნებოდა. პირველი ტიპის კანი მქონდა, ამდენ რუჯში პიგმენტი გამომეცვალა. ყველას ვურჩევ ხელოვნურად ნუ დავიბერებთ თავს.

– სახის კანს როგორ უვლით?

– განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. აუცილებელია ყოველ საღამოს სახის კარგად დაბანა, რადგან ძილის დროს, სახის კანი ყველაფერს იწოვს. თმის მოვლას რაც შეეხება, სპეციალური შამპუნით ვიბან, რომელიც მის მოცულობას ზრდის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here