„ოქროს ტალღის“ დაჯილდოვება – ნიკოლოზ რაჭველი, სიმფონიური ორკესტრი და სპეციალური სტუმარი

0
1574

„ოქროს ტალღა“ 2018 26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური დაჯილდოვება წელს მეხუთედ იმართება, შესაბამისად, ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ასევე იუბილარია და ამ სფეროში ლიდერობის 20-წლიან იუბილეს ზეიმობს. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში 17 კატეგორიაში დასახელდებიან, მათგან ერთ ნომინაციას, ხალხის რჩეულს ინტერნეტგამოკითხვა გამოავლენს, რომელიც უკვე დაწყებულია საიტზე goldenwave.ge. წლის სიმღერის კატეგორიაში 127 ახლად შექმნილი ქართული სიმღერაა წარდგენილი.

„ოქროს ტალღის“ მთავარი ნომინაციის გამარჯვებულები, სხვადასხვა დროს გახდნენ: ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, ანრი ჯოხაძე, ნიაზ დიასამიძე და სტეფანე. ამა თუ იმ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვეს ნინო ქათამაძემ, ნინი ბადურაშვილმა, სოფო ნიჟარაძემ და სხვა ცნობილმა შემსრულებლებმა.

„ოქროს ტალღა“ წელიწადში ერთხელ ერთგვარად აჯამებს განვლილ მუსიკალურ წელს, ერთად კრებს შოუბიზნესის წარმომადგენლებს და მათ, ვინც ქართულ მუსიკას ემსახურება და კიდევ ერთხელ აძლევს სტიმულს ამ სფეროს წარმომადგენლებს, რომ მეტი ახალი შექმნან.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ტალღაზე“ მხოლოდ ის ქართული სიმღერებია წარდგენილი, რომელთა პრემიერაც რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რომელიმე რადიოსადგურის საშუალებით შედგა. წარდგენილი კომპოზიციების რაოდენობა ყოველ წელიწადს იმატებს, რაც კონკურსის ორგანიზატორებისთვის მნიშვნელოვანი ტენდენციაა.

„ოქროს ტალღის“ წლავანდელი დაჯილდოვების ცერემონიალი განსაკუთრებული იქნება. მისთვის სცენარს ცნობილი პროდიუსერი, თეონა ჯორბენაძე ქმნის. კონცერტში მონაწილეობას იღებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, მას ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს და საღამოს განმავლობაში შესრულდება არაერთი ცნობილი ქართული სიმღერის ახალი ვერსია, რომლებზეც ნიკოლოზ რაჭველი უკვე მუშაობს.

სცენაზე „ფორტუნას“ ჰოლდინგის ამჟამინდელ სახეებთან ერთად ნახავთ მის ძველ სახეებსაც, რომლებიც მედიაჰოლდინგის განვითარების საინტერესო გზას გაიხსენებენ.

ღონისძიების სტუმრებს დიდი სიურპრიზი ელით. უკვე დასრულებულია მოლაპარაკებები უცხოელ ვარსკვლავთან, რომელიც საქართველოს სწორედ „ოქროს ტალღისთვის“ ესტუმრება და ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს. სპეციალური სტუმრის ვინაობას მცირე ხანში ჩვენი საიტის საშუალებით შეიტყობთ.

„ოქროს ტალღისთვის“ მზადება უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული. ცერემონიალზე დასწრების მსურველებისთვის მალე გავრცელდება ინფორმაცია, თუ სად შეძლებენ ბილეთების შეძენას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here